ალტერნატიული სტრუქტურები საზოგადოებაში, რომელთაც ისეთივე ეფექტურობით შეუძლიათ იმავე ფუნქციის შესრულება, რაც სხვა სტრუქტურებს სხვა საზოგადოებაში. ეს ტერმინი დაამკვიდრა რ. მერტონმა ადრეული ფუნქციონალიზმის (რადკლიფ–ბრაუნი, მალინოვსკი) მიერ წამოყენებული აუცილებლობის პოსტულატის საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც, ესა თუ ის სოციალური ინსტიტუტი ან სტრუქტურა შეუცვლელია მოცემული ფუნქციის შესასრულებლად და შეუძლებელია, ესა თუ ის ფუნქცია ალტერნატიულმა ინსტიტუტებმა (სტრუქტურებმა) შეასრულოს. მაგ., რელიგიური ინსტიტუტები საზოგადოებაში ასრულებს უნიკალურ ფუნქციას, რომლის უზრუნველყოფა არც ერთ სხვა სტრუქტურას არ შეუძლია. მერტონი ამტკიცებს, რომ აუცილებლობის პოსტულატი გამოუსადეგარია თანამედროვე, სეკულარიზებული საზოგადოების ანალიზისათვის. იგი აყალიბებს ასეთი საზოგადოებისათვის რელევანტური ფუნქციური ანალიზის ძირითად თეორემას: „ზუსტად ისე, როგორც ერთმა და იმავე მოვლენამ შეიძლება შეასრულოს მრავალრიცხოვანი ფუნქცია, ასევე, ერთი და იგივე ფუნქცია შეიძლება განსხვავებულად შესრულდეს განსხვავებული მოვლენების მიერ“. ასე ფ.ე–ების ცნება რომელსაც მერტონი ფუნქციურ შემცვლელებს ან ფუნქციურ ალტერნატივებსაც უწოდებს. მაგ., მალინოვსკის საპასუხოდ, რომელიც აღარებდა მაგიის ინსტიტუტის შეუცვლელობას, მერტონი ამტკიცებს, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც დაურწმუნებლობის ელემენტები ერთვება ემოციურად მნიშვნელოვანი მიზნების განხორციელებაში, ყოველთვის მოსალოდნელია გაჩნდეს თუ მაგია არა, ფუნქციურად მისი ეკვივალენტური მოვლენა მაინც. თუმცა, აქ თავს იჩენს პრობლემა მოვლენათა (სტრუქტურათა) ცვალებადობის დიაპაზონის განსაზღვრისა, რომლის ფარგლებშიც მოვლენებს შეუძლია განსაზღვრული ფუნქციის შესრულება. თუ დავუშვებთ, რომ სტრუქტურის ნებისმიერი ცვალებადობის პირობებში, მის მიერ ფუნქციის შესრულება უზრუნველყოფილია, ასეთი დაშვება უტოპიური აზროვნება იქნება, რასაც ემპირიული მეცნიერება უნდა გაურბოდეს. მაშასადამე ამა თუ იმ სტრუქტურის შესაძლებლობები საზოგადოებაში ყოველთვის შეზღუდულია, რაც მის კონტექსტუალურ ბუნებაზე მიუთითებს.
ფუნქციური ეკვივალენტები
Functional Equivalence
კატეგორია: