საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების აქტორებს, მაგ, დონორ და რეციპიენტ (მიმღებ) სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს, რასაც ორივე მხარე დადებითად აფასებს. უ.დ–ის ძირითადი მონაწილეები, ტრადიციულად, სახელმწიფოებია, თუმცა სულ უფრო მეტ როლს ასრულებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები (მაგ., საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი). როგორც სახელმწიფოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეულ საერთაშორისო დახმარებას ხშირად პოლიტიკური ზემოქმედების იარაღად მიიჩნევენ. უ.დ–ის მაგალითია შეერთებული შტატების მიერ ევროპისათვის „მარშალის გეგმით“ გაწეული დახმარება. უ.დ–ის პოლიტიკური ხასიათი იწვევს ე.წ. „დონორულ დაღლილობას“, რომელიც დონორი ქვეყნების საზოგადოების მიერ უცხოეთისათვის, განსაკუთრებით მესამე სამყაროს ქვეყნებისათვის გაწეული დახმარების კრიტიკის შედეგია.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი