უფლება სრულ პოლიტიკურ უზენაესობაზე. საერთაშორისო სისტემაში ს. არის სახელმწიფოს უფლება სრულ თვითმმართველობაზე, სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. სახელმწიფოთა მიერ ერთმანეთის ს-ის აღიარება საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია. ს-ის ცნება სახელმწიფო და საერთაშორისო სამართალში შემოიღო ფრანგმა მეცნიერმა ჟან ბოდენმა (1576), რომელიც ასაბუთებდა მეფეების აბსოლუტურ ხელისუფლებას, მათ დამოუკიდებლობას ვინმესგან, გარდა ღმერთისა. დღეს ერთმანეთისაგან განასხვავებენ სახელმწიფო ს-ს, ეროვნულ ს-სა და სახლახო ს-ს. სახელმწიფო ს. სახელმწიფო ხელისუფლების ნიშან-თვისებაა, რომელიც გამოხატავს ამ ხელისუფლების უზენაესობას ქვეყნის საშინაო საქმეებში და რომელიმე სხვა სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობას საერთაშორისო ასპარეზზე; ეროვნული ს. არის ერის სისხლხორცეული უფლება, თვითონ განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარება, შექმნას დამოუკიდებელი, ანუ სუვერენული სახელმწიფო. ეროვნულ უმცირესობებს ასეთი უფლება არა აქვთ; სახალხო ს-ს იგივე ნიშან-თვისებები აქვს, რაც ეროვნულს, მაგრამ მისი მოქმედების სფერო უფრო ფართო ხასიათისაა - მრავალეროვან საზოგადოებაში ხალხის ცნება არ თავსდება მხოლოდ ერთი ერის ჩარჩოებში, იგი ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერისა თუ ეროვნების მოქლალქეთა საერთო უფლებად გვევლინება, თუმცა ზოგიერთ ერს შეუძლია სრულად გამოიყენოს თავისი ეროვნული ს. და შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო.ს. განუსხვისებელი უფლებაა და მისი გარედან ძალით შეზღუდვა თუ გაუქმება საერთაშორისო დანაშაულად ითვლება. ს. სახელმწიფო ხელისუფლების განუყოფელი თვისებაა, რომელიც ვლინდება მისი როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური მოღვაწეობისას. ს. ასევე ხელშეუხებელია სხვა სახელმწიფოებისაგან, მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია თვითონ, სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებით (ხელშეკრულებით, საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობით), ნებაყოფლობით შეზღუდოს თავისი სუვერენული უფლებები საშინაო თუ საგარეო საქმეების ამა თუ იმ სფეროში. თავისთავად, სახელმწიფოთა ზოგიერთი სუვერენული უფლების შეზღუდვა (ფედერაციულ და კონფედერაციულ კავშირში გაერთიანება, სახელმწიფოთაშორის ასოციაციებში გაწევრიანება) და, მით უმეტეს, თვითშეზღუდვა, არ ნიშნავს ს-ის დაკარგვას.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი