საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერებაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორია, რომლის მიხედვით საერთაშორისო ურთიერთობებში ძირითადი სუბიექტი სახელმწიფოა, ძირითადი მამოძრავებელი იდეა-სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები, განმსაზღვრელი ფაქტორი - ძალა (სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური), ხოლო ძირითადი რეგულატორი -ძალთა წონასწორობა, რასაც ემორჩილება საერთაშორისო სამართალი და მორალი. პ.რ-ის ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა მაკიაველიმ 1513 წელს დაწერილ ნაწარმოებში „მთავარი“, თუმცა ამ თეორიის ცალკეული იდეები ჯერ კიდევ თუკიდიდეს „პელოპონესის ომების ისტორიაში“ გვხვდება (ძვ. წ. V ს.). აღნიშნულმა პრინციპებმა შემდგომი განვითარება პოვა თომას ჰობსის „ლევიათანში“ (1651), მაგრამ პ. რ., როგორც მეცნიერული თეორია XX ს-ის შუა წლებში ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ე. ქარის „ოცწლიანი კრიზისი“ (1946) და განსაკუთრებით ჰ. მორგენტაუს „პოლიტიკა სახელმწიფოებს შორის“ (1948). პ. რ-ის წარმომადგენლები არიან საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერების ცნობილი მკვლევარები ჯ. ბერცი, მ. უაიტი, ნ. სპაიკმენი, ჯ. კენანი, რ. არონი, ჰ. კისინჯერი, რ. როზენკრაცი, კ. ტომსონი და სხვ. კლსიკური პ. რ-ის მიხედვით, ადამიანი ბუნებით აგრესიული და კონფლიქტური არსებაა, რომლის მიზანია სხვაზე უპირატესობის მოპოვება და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება. ამიტომ ომები და დაძაბულობა ჩვეულებრივი, სავსებით ბუნებრივი მოვლენაა საერთაშორისო ურთიერთობებში. ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს მიაღწიოს, რაც სხვა ქვეყნების ხარჯზე შეიძლება მოხდეს და რისი ერთადერთი სშუალებაც ძალაა. ამიტომ საერთაშორისო სისტემაში ნებისმიერი სახელმწიფოს როლი და ადგილი ამ სახელმწიფოს სიძლიერეს შეესაბამება, ხოლო საერთშორისო ურთიერთობათა ერთადერთი რეგულატორი და მომწესრიგებელი ძალთა ის წონასწორობაა, რომელიც დამყარებულია მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოთა შორის. საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მორალი მხოლოდ ასახავს წამყვან სახელმწიფოთა შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობასა და ძალთა წონასწორნობას. კლასიკური პ. რ-ისაგან განასხვავებენ ნეორეალიზმს (ხშირად უწოდებენ, აგრეთვე, სტრუქტურულ რეალიზმს), რომლის ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია კ. უოლცის წიგნში „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკის თეორია“ (1079). სადაც განმსაზღვრელ ფაქტორად მიჩნეულია არა ადამიანის ბუნება, არამედ საერთაშორისო სისტემის სტრუქტურა, კერძოდ, მისი ანარქიული ხასიათი. პ. რ-ს (როგორც კლასიკურს, ისე ნეორეალისტურს) ხშირად ადარებენ მიკროეკონომიკის თეორიას, რადგან სახელმწიფოების ქცევა საერთაშორისო სისტემაში დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ფირმებისა საბაზრო ეკონომიკის პირობებში. საზოგადოდ, საერთაშორისო ურთიერთობის მკვლევართაგან ამ თეორიას გაცილებით მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე სხვა მიმართულებებს. იგივე შეიძლება ითქვას პრაქტიკოს პოლიტიკოსთა შესახებ, რომელთა უმრავლესობა თავიანთი მოღვაწეობით სწორედ რეალისტური მიმართულების წარმომადგენლებად უნდა ჩაითვალოს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი