პიროვნების თეორია არის იდეების, პრინციპებისა და მოდელების ურთიერთდაკავშირებული სისტემა, რომელიც გულისხმობს ადამიანის ქცევის ძირითადი ასპექტების შესწავლას. პიროვნების სოციოლოგიური კონცეფციების ძირითადი მახასიათებელია ადამიანის ქცევის ახსნის მცდელობა სოციალური ფაქტორების ზეგავლენით. პიროვნების შესწავლის პროცესში სოციოლოგიზმის უკიდურეს გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს პიროვნების სოციალური სტრუქტურის ეპიფენომენად წარმოდგენა პიროვნების სოციოლოგიური კონცეფციის ერთ-ერთი პირველი მაგალითია "სარკისებრი მეს“ თეორია (ჩ. კული, ჯ. ჰ. მიდი). ამ თეორიის მიხედვით, პიროვნება არის იმ სოციალური ინტერაქციის ფუნქცია, რომლის პროცესში პიროვნება სწავლობს საკუთარ თავს როგორც ობიექტს, სხვა ადამიანების თვალით. პიროვნების სოციოლოგიური კონცეფციის მაგალითია, აგრეთვე, რეფერენტული ჯგუფისა და როლური თეორია (რ. ლინტონი, ტ. პარსონსი). როლური თეორია პიროვნებას განიხილავს როგორც იმ სოციალური როლების ერთობლიობას, რომლებსაც ადამიანი სოციალურ სამყაროში ასრულებს. პიროვნება ყალიბდება სოციალიზაციის პროცესში, რაც გულისხმობს როლებისა და მათთან დაკავშირებული მოლოდინების შესწავლას. XX ს-ის 50-იანი წლებიდან სოციოლოგიაში ფსიქოანალიტკური ნაკადის ფარგლებში (დ. რისმენი, ე. ფრომი) პოპულარული გახდა ე.წ. ბაზისური პიროვნების ანუ სოციალური ხასიათის კვლევა. ბაზისური პიროვნება წარმოადგენს იმ სოციალურ ფსიქოლოგიური მახასიათებლების ერთობლიობას, რომლებიც სტატისტიკურად ყველაზე მეტადაა გავრცელებული მოცემულ საზოგადოებაში. ბაზისური პიროვნების კვლევა გულისხმობს როგორც ეთნიკურობასთან, ასევე სოციალურ სტრუქტურასთან დაკავშირებული ცვლადების ანალიზს. განსხვავებული სოციალური ხასიათები თანაარსებობენ ყველა საზოგადოებაში, თუმცა, ყველა საზოგადოებაში, პრევალირებს მოცემული სოციალური წესრიგისთვის ადეკვატური ხასიათი და ამ ადეკვატურობას განსაზღვრავს ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული ფაქტორები, ურბანიზაციის ხარისხი და ა. შ. პიროვნების თანამედროვე სოციოლოგიური კონცეფციები (სტრუქტურული ლინგვისტიკა, პოსტსტრუქტურალიზმი) უარს ამბობს პიროვნების, როგორც სოციალური სტრუქტურის მიერ მკაცრად კონტროლირებადი ელემენტის მოდელზე. სტრუქტურულ ლინგვისტიკაში და პოსტსტრუქტურალიზმში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. „დეცენტრალიზებული სუბიექტის“ კატეგორიას. სუბიექტის ცნობიერება განიხილება როგორს უფრო ფართო სტრუქტურული ძალების სიმპტომი და ზოგჯერ აღიწერება როგორც სოციალური ურთიერთობების ენა და არაცნობიერი მოცემულობა.
პიროვნების სოციოლოგიური თეორიები
Social Theories of a Personality
კატეგორია: