ადამიანის აღწარმოების საზოგადოებრივი მექანიზმი, სისხლით ნათესაობასა ან ქორწინებაზე დაფუძნებული მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ყოფითი ერთიანობით, ურთიერთდახმარებითა და მორალური პასუხისმგებლობით. რამდენადაც მეუღლეობა და მშობლობა იღებს სოციალურ სანქციას, მორალურ და სამართლებრივ დაკანონებასა და სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას, ო. წარმოადგენს, აგრეთვე, სოციალურ ინსტიტუტს.ისტორიულად არსებობდა ო–ის მრავალი ფორმა. მათი სოციულოგიური ანალიზის საკვანძო ცნებებია: რთული (დიდი) და მარტივი ნუკლეარული ო. პირველი მიეკუთვნება ნათესაობით დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფს, სადაც ერთად ცხოვრობს (ან მჭიდრო სიახლოვით) ნათესავთა ორზე მეტი თაობა, მეორე შედგება ცოლ–ქმრისა და შვილებისაგან ან შვილის გარეშე, ან ერთ–ერთი მშობლისა და დაუქორწინებელი შვილებისაგან. ო–ის ნუკლეარული ფორმა განვითარდა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებით, აგრეთვე გეოგრაფიული და სოციალური მიზიდულობის ზრდის კვალად. ო–ის ფორმების მრავალგვარობა დამოკიდებულია სოციალურ და კულტურულ ნორმებზე.თანამედროვე ო–ის ფუნქციებს შორის აღსანიშნავია: რეპროდუქციული, აღმზრდელობითი, წარმოებრივ–ეკონომიკური, სამომხმარებლო, რეკრეაციული, ურთიერთდახმარებითი და სხვ. ო–ის მზარდი როლი ბავშვთა სოციალიზაციაში აქცევს მას საზოგადოების ერთ–ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად. როგორც სოციალიზაციის პირველი აგენტი, ო. უზრუნველყოფს თაობის სოციალურ, კულტურულ და ლინგვისტურ ასპექტებს.
ოჯახი
Family
კატეგორია: