თავდაპირველად აღნიშნავდა სხვაგვარად მოაზროვნეს, ადამიანს, ვინც საეკლესიო მოძღვრების, ღვთისმსახურების ან ეკლესიის მოწყობის საკითხებში განუდგა გაბატონებული კონფესიის ოფიციალურ თვალსაზრისს. ცივი ომის პერიოდში ტერმინი გამოიყნებოდა სოციალური ბანაკის იმ პირთა აღსანიშნავად, ვინც არ ეთანხმებოდა გაბატონებული იდეოლოგიის პოლიტიკურ დოგმატიკას. დ-ების ბრძოლის ფორმები მშვიდობიანი იყო. ისინი ღიად, დაუფარავად გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. რამდენადაც ამის გაკეთება ტოტალიტარულ სისტემებში სახელმწიფოს მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მონოპოლიის გამო უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელი იყო, ამდენად დ-ები მიმართავდნენ პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურის გავრცელებას თვითგამოცემების სახით. მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიერ ცივი ომის პერიოდში გამოცემული „ჯვარი ვაზისა“ სწორედ ამ სახის ლიტერატურას უნდა მივაკუთვნოთ. დ-ობა არ არსებობს იქ, სადაც არსებობს რელიგიური და პოლტიკური პლურალიზმი, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება და შემწყნარებლობა. შესაბამისად, ყოფილ საბჭოთა კავშირში დ-მ ფუნქცია დაკარგა იმ პროცესების შემდეგ, რომლებიც თან მოჰყვა გორბაჩოვის მიერ „პერესტროიკისა“ და პლურალიზმის“ გამოცხადებას.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი