ბეგინები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Beguines

ბეგინას (ლათინურიდან: beguina) შუა საუკუნეების ევროპაში უწოდებდნენ ქალს, რომელიც რელიგიურ ცხოვრებას მისდევდა, თუმცა მონაზვნობის აღთქმა არ ჰქონდა დადებული. თავიდან ბეგინების ცხოვრების წესმა ძლიერი კრიტიკა გამოიწვია და ზოგიერთი მათგანი ერეტიკოსადაც შერაცხეს, მაგრამ მათ გარკვეული აღიარებაც მოიპოვეს ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში, სადაც ჩამოყალიბდა მათი კომუნები, რომელთაგან ზოგიერთი მეოცე საუკუნის ბოლომდე არსებობდა.

ბეგინების ცხოვრების შესახებ უძველესი მონაცემები მე-12 საუკუნის ბოლო წლებით თარიღდება - ამ დროს თანამედროვე ბელგიის ტერიტორიაზე დამოუკიდებლად ან ოჯახში მცხოვრებმა ქალებმა ასკეტიზმის, ქველმოქმედებისა და ლოცვის პრაქტიკა დაიწყეს. მე-13 საუკუნის 30-იანი წლებისთვის მათი რაოდენობა უკვე იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შეძლეს, შეგროვებული ქონებით საერთო რეზიდენციები შეეძინათ და ურთიერთდახმარების ორგანიზაციები დაეფუძნებინათ. ბეგინების უმრავლესობა ერთად ცხოვრობდა ბეგინების კონვენტებში ან დასახლებებში (მათ ბეგინაჟებსაც უწოდებდნენ), რომლებიც რამდენიმე ასეულ ან ათას ქალსაც აერთიანებდა. 1300 წლისათვის ბეგინების მოძრაობა უკვე გავრცელებული იყო გერმანიაში, შვეიცარიასა და ჩრდილოეთ ევროპაში, ასევე სამხრეთ საფრანგეთისა და ცენტრალური ევროპის ზოგიერთ ნაწილში.

ბეგინების სტატუსი თავიდანვე სადავო იყო. მათი აშკარა რელიგიური ინტერესების მიუხედავად, ბეგინები არ შეადგენდნენ რელიგიურ ორდენს; მათ სხვადასხვა ერთობას შორის იყო მნიშვნელოვანი განსხვავებები, თითოეულს საკუთარი შიდა განაწესი ჰქონდა და წინამძღვარს დამოუკიდებლად ირჩევდა. ბეგინების ამა თუ იმ კომუნაში გაწევრიანებით ქალები იღებდნენ მისი შიდა განაწესის დაცვის, მოკრძალებული ცხოვრებისა და სექსუალური კავშირებისგან თავის შეკავების პასუხისმგებლობას, მაგრამ უარს არ ამბობდნენ საკუთრებაზე და არც სამუდამო აღთქმას დებდნენ. ეს ქმნიდა იმის შესაძლებლობას, რომ გაუთხოვარ ქალებს პროფესიული საქმიანობით ერჩინათ თავი, როგორც დაქირავებულ მუშებს, ძიძებს, მასწავლებლებს, და თან მონაწილეობა მიეღოთ არაფორმალურ რელიგიურ ცხოვრებაში, რომელიც, გარდა იმისა, რომ ტრადიციულ სამონასტრო ცხოვრებაზე უფრო მოქნილი იყო, ამ ქალებს აძლევდა მეტ შესაძლებლობას, საკუთარი სულიერი გზა თვითონ გაეკვალათ.

საზოგადოებაში, რომელიც ქალის სექსუალობას უდიდესი ეჭვით უყურებდა, ზრდასრული ქალი, რომელიც არც ქმრის კონტროლს და არც სამუდამო სამონასტრო აღთქმას არ ექვემდებარებოდა, სკეპტიციზმსა და უნდობლობას იწვევდა. მართალია, ცალკეული საეკლესიო პირები აქებდნენ კონკრეტულ ბეგინებს და მათი მოძრაობის მხარდასაჭერად აგიოგრაფიულ ტექსტებსაც წერდნენ, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის უფრო კონსერვატიული ფრთა უარყოფითად უყურებდა მათ ინტელექტუალურ საქმიანობას, განსაკუთრებით კი მათ მოძღვრებებს მისტიციზმზმე. 1310 წელს ფრანგი ბეგინა მარგერიტ პორეტე ერეტიკოსად შერაცხეს. ამის შემდეგ გახშირდა საეკელსიო ავტორიტეტების მიერ მთელი მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული გამოძიებები და დროდადრო დევნაც, რასაც ბეგინების ბევრი კომუნის დაშლა მოჰყვა. ჩრდილოეთ საფრანგეთსა და რაინლანდში ბეგინები აიძულეს, რელიგიური ორდენის წესები მიეღოთ ან უარი ეთქვათ თავიანთი ცხოვრების სტილზე. ნიდერლანდების დიდი ბეგინაჟები, რომელთაც ფინანსურადაც მეტი ძალა ჰქონდათ და მმართველი კლასების გავლენიანი წევრების მფარველობითაც სარგებლობდნენ, გადარჩნენ, მაგრამ თანდათან მკაცრი წესები მიიღეს და გარეშე კონტროლს დაემორჩილნენ.

მე-16 საუკუნეში, რეფორმაციის დროს, გერმანიასა და ნიდერლანდების უდიდეს ნაწილში ბეგინების ბოლო სახლები დაიხურა. თუმცა ბელგიასა და ნიდერლანდების კათოლიკურ ნაწილებში მე-17 საუკუნის კონტრრეფორმაციის პერიოდში ბეგინების ერთობები კათოლიკური ეკლესიის ხელშეწყობით ისევ აღორძინდა და მეოცე საუკუნის ბოლომდე აგრძელებდა არსებობას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge. 

კატეგორია: 
ავტორები: