ნომადური ფემინიზმი, ნომადური სუბიექტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Nomadic Feminism, Nomadic Subject

ნომადური ფემინიზმი და ნომადური სუბიექტი ფემინისტი თეორეტიკოს როზი ბრაიდოტის (1954) შემოღებული ცნებებია, რომლებსაც ვხვდებით მის წიგნში „ნომადური სუბიექტები: სხეულებრიობა და სქესობრივი განსხვავება თანამედროვე ფემინისტურ თეორიაში“ (Nomadic Subjects: Embodiment and Sexual Difference in Contemporary Feminist Theory, 1994). ნომადის იმიჯი ძირითადი მეტაფორაა პოსტმოდერნული სუბიექტურობის ბრაიდოტისეულ თეორიაში. მას შემოაქვს სუბიექტის გაგება, რომელიც განისაზღვრება არა გარკვეული საზღვრებით, არამედ მოძრავია ამ საზღვრებს შორის. ის მუდმივად ცვალებადი გარემოს დეტალებისა (მაგალითად, ენის, რიტუალის, ხელოვნების, მედიის) და საკუთარი ცვლილების შესაძლებლობის ურთიერთქმედებისგან ყალიბდება. შედეგად ნომადური სუბიექტის კონცეფცია ეწინააღმდეგება იმ ფილოსოფიურ ტენდენციებს, რომლებსაც სუბიექტი მუდმივ, უცვლელ იდენტობამდე დაჰყავს.

სქესობრივი განსხვავება ბრაიდოტის სხეულებრივი სუბიექტის ფუნდამენტურ ასპექტად მიაჩნია, თუმცა მისთვის სქესობრივი განსხვავების ხაზგასმა სტრატეგიული, პოლიტიკური ნაბიჯი უფროა, ვიდრე მეტაფიზიკური მტკიცება. როგორც ყველა კამათში სქეობრივი განსხვავების შესახებ, აქაც ჩნდება ესენციალიზმის პრობლემა. ბრაიდოტი ფემინისტებს ამხნევებს, რომ ნაკლებად უნდა ეშინოდეთ ესენციალისტური ბრალდებებისა და აცხადებს, რომ კატეგორია ქალს პოლიტიკური ღირებულებები ქმნის. ეს პოლიტიკური ღირებულებები ქმნიან სუბიექტების ცხოვრებას, გამოცდილებასაც და სხეულებსაც - ამიტომ არასწორია მათი გაგება, როგორც არსებითად სუბიექტის მიმართ გარეგანისა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები იჩაგრებიან, როგორც ქალები და მიუხედავად ჩაგვრის ფორმებისა და ზომის სხვადასხვაობისა, ბრაიდოტისთვის ქალის კატეგორია ფემინიზმში მაინც თანამიმიდევრული სტრატეგიაა. მისი აზრით, ფემინიზმმა პრაქტიკის ყველა დონეზე, მუდმივად უნდა იფიქროს განსხვავებიდან ამოსვლით და მისი საშუალებით, ხოლო ქალის კატეგორია სიცოცხლისუნარიან პოლიტიკურ კონსტრუქტად განიხილოს. ამ მტკიცებით ბრაიდოტი უპირისპირდება ჯუდით ბატლერს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ქალის კონსტრუქტს, როგორც პოლიტიკურ კატეგორიას და ფილოსოფიურ ცნებას.

იხილეთ, აგრეთვე: როზი ბრაიდოტი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Ann J. Kahill, Jennifer Hansen, (ed.,) Continental Feminism Reader, Rowman & Littlefield Publishers, Inc. 2003.

კატეგორია: 
ავტორები: