ეიბლიზმი (ინგლისური სიტყვიდან „able“ - უნარის მქონე, „რასიზმის“, „სექსიზმის“ და ა. შ. ანალოგიით) აღნიშნავს იდეოლოგიასა და პრაქტიკას, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს „უნარიან სხეულებს“, ამართლებს და წაახალისებს ამა თუ იმ თვალსაზრისით შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების დისკრიმინაციასა და მარგინალიზებას, მათ მიმართ ნეგატიურ წინასწარგანწყობებს. ხშირად ეიბლიზმში იგულისხმება ადამიანების დისკრიმინაცია და ჩაგვრა მათი ფიზიკური უნარების მიხედვით, და მას განასხვავებენ ფსიქიკურ-მენტალური სტატუსისა და უნარების მიხედვით ანალოგიური პრაქტიკისგან, რომელსაც „მენტალიზმს“ უწოდებენ. თუმცა ზოგჯერ „ეიბლიზმი“ უფრო ზოგადი მნიშვნელობით გამოიყენება, რომელიც აერთიანებს როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური და ფსიქიკური სტატუსის განსხვავებებს. ეიბლიზმი ემყარება გარკვეულ წარმოდგენებს სხეულებრივი (ან ფსიქიკური) უნარების „ნორმის“ შესახებ და ადამიანებს, რომლებიც ამ ნორმას არ ერგებიან, განიხილავს, როგორც არასრულფასოვანს, ნაკლულს, ხოლო ნორმისგან განსხვავებას - როგორც დარღვევას თუ შეცდომას, როგორც რაღაც საშიშს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა იმ პრობლემებისა და ბარიერების გამო, რომელთაც განსხვავებული უნარების მქონე ადამიანები აწყდებიან საზოგადოებაში, ეიბლიზმს თვითონ მათზე გადააქვს.
ეიბლიზმის წინააღმდეგ მოძრაობაში არსებობს უთანხმოება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ვილაპარაკოთ ადამიანებზე, რომლებიც ეიბლისტური ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ობიექტები არიან. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ „შეზღუდული უნარების მქონე“ და სხვა ანალოგიური ტერმინების გამოყენება უკვე თვითონ გულისხმობს და წაახალისებს ეიბლიზმს. ამ ჯგუფის წარმომადგენლები სანაცვლოდ გვთავაზობენ სიტყვების „არატიპური“, „განსხვავებული“, „სპეციალურ საჭიროებათა მქონე“ და ა.შ. გამოყენებას. სხვები, მათ შორის, ბევრი მათგან, ვინც თავს შეზღუდული უნარების მქონეთა ჯგუფს მიაკუთვნებს, ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანია მათი შეზღუდული უნარების აღიარება. მეტიც, ბევრს ურჩევნია, „უნარშეზღუდულები“ (disabled) უწოდონ, ვიდრე თითქოსდა უფრო ნეიტრალური „შეზღუდული უნარების მქონე“, რადგან ამ ევფემიზმებით, მათი აზრით, იჩქმალება ის, რომ მათი უნარები მათი ვინაობისა და გამოცდილების მნიშვნელოვანი ასპექტია, ეს კი უფრო ხელს უწყობს თვითონ ეიბლიზმის მიმართ უგრძნობელობას.
ეიბლიზმის კრიტიკა და უნარშეზღუდულობის კვლევები მნიშვნელოვნად ურთიერთიკვეთება ფემინისტურ თეორიასთან, რადგან გენდერის განზომილება ერთ-ერთი ცენტრალურია „ნორმალური“ სხეულის სოციოკულტურული კონსტრუქციისა და მასთან დაკვშირებული მარგინალიზაციისა და პათოლოგიზაციის პროცესებში. გარდა ამისა, ფემინისტი თეორეტიკოსებისა და აქტივისტებისთვის საგანგებო ინტერესის საგანია უნარშეზღუდული ქალები, როგორც ორმაგად მარგინალიზებული ჯგუფი.
იხილეთ, აგრეთვე: ხეიბრის თეორია
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Campbell, Fiona A. Kumari (2009). Contours of Ableism: The Production of Disability and Abledness. Palgrave Macmillan.