საერთაშორისო ურთიერთობების გლობალისტური ხედვის სკოლა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს კაპიტალისტური ეკონომიკის ჭრილში განიხილავს. მ. ს–ის თეორეტიკოსები არა მხოლოდ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არათანაბარი განვითარების მიზეზებს შეისწავლიან, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უთანასწორობის მიზეზების დადგენას ცდილობენ. გარდა ამისა, მ. ს–ის სკოლა საერთაშორისო ურთიერთობების გაგებასა და ახსნას მსოფლიო ეკონომიკის ისტორიული განვითარების ანალიზის საფუძველზე აწარმოებს. ამ სკოლის თვასაზრისით, ცალკეულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაში გარკვევა მთელი მსოფლიოს განვითარების ისტორიული ანალიზის გარეშე შეუძლებელია. მ. ს–ის თეორიის ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა, იმანუელ ვალერსტაინმა გლობალური განვითარების ისტორიულად დასაბუთებული თეორია შექმნა, რომელიც აანალიზებს პერიოდს ევროპაში კაპიტალიზმის წარმოშობიდან დღემდე. კაპიტალისტური მსოფლიო სისტემა მოიცავს ბირთვს (ისტორიულად მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე დაწინაურებულ ნაწილებს), ნახევრადპერიფერიასა და პერიფერიას (ნედლეულის მწარმოებელ ისტორიულად ჩამორჩენილ მხარეებს). ვალერსტაინის აზრით, შრომის არსებული საერთაშორისო დანაწილება არათუ არ ამცირებს ამ უთანასწორობას, არამედ, პირიქით, აღრმავებს მას.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი