ქალთა კვლევები არის მეცნიერების მიმართულება, რომელიც XX საუკუნის 60-იან წლებში იღებს დასაბამს. 1980 წელს ქალთა კვლევების პირველი სამაგისტრო პროგრამა დაარსდა კენტის უნივერსიტეტში. ქალთა კვლევების პროგრამები, სალექციო კურსები და მოდულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიხსნა და მალე გლობალური ფენომენი გახდა.
ფემინისტური სალექციო კურსების შექმნა და სწავლება პოლიტიკური აქტი იყო. თეორიული ანალიზი მჭიდრო კავშირში იყო სოციალურ ცვლილებებთან. ქალთა კვლევები, ერთი მხრივ, სხვა აკადემიური დისციპლინების მსგავსად, მოითხოვს სტუდენტების ცოდნის შემოწმებას გამოცდების, კვლევითი ნაშრომისა თუ ესეს მეშვეობით; მაგრამ, მეორე მხრივ, ქალთა კვლევების სალექციო კურსები ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია - აქ სტუდენტებმა რეფლექსია უნდა გააკეთონ პირად ცხოვრებასა და გარემოზე, რომელიც მათ გენდერს აყალიბებს. ქალთა კვლევების ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან ფემინისტურ პოლიტიკას, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ინდივიდების პოლიტიზაციაზე. ადრიენ რიჩი თავის ესეში „ქალებზე მორგებული უნივერსიტეტისკენ“ (Towards a Woman-Centered University, 1980) ლაპარაკობს ქალთა კვლევების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე: რომ ის ქმნის ცოდნას, რომელსაც შეუძლია პირდაპირი გავლენა ჰქონდეს ქალთა ცხოვრებაზე. ადრიენ რიჩი მიზანშეწონილად მიიჩნევს ფემინისტი მკვლევრების მიერ უნივერსიტეტის რესურსების გამოყენებას ისეთი წიგნებისა და სტატიების გამოსაცემად, რომელთა გავლენაც არ შემოიფარგლება აკადემიური სფეროთი - ფემინისტური პედაგოგიკისა და მათ მიერ გამოცემული ლიტერატურის ერთ-ერთი მიზანი ცნობიერების ამაღლებაა.
ქალთა კვლევების ნაცვლად ხშირად გამოიყენება ტერმინი გენდერის კვლევები, რომელიც ქალთა კვლევებთან ერთად მასკულინობასა და მამაკაცების სოციალურ როლებსაც შეისწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „გენდერის კვლევები“ უფრო ინკლუზიური ჩანს და შეიძლება დააინტერესოს მამაკაცი სტუდენტები და მკვლევრები, ზოგიერთი ფემინისტის აზრით, უფრო მართებულია „ქალთა კვლევების“ გამოყენება. მათი აზრით, ასე ხაზი გაესმება ქალთა კვლევების პოლიტიკურ მნიშვნელობას, რაც განპირობებულია დიდი ხნის განმავლობაში ქალების გარიყვით აკადემიური სივრციდან და ცოდნის შექმნის პროცესიდან.
***
გამოტოვებული ლიტერატურა:
Rich, A. (1980). “Towards a Woman-Centered University.” In On Lies, Secrets and Silence: Selected Prose 1966-1978. London: Virago.