70-იან წლებში ფემინისტმა მკვლევრებმა და აქტივისტებმა ყურადღება გაამახვილეს ქალთა ლიტერატურული, ვიზუალური და მასმედიის რეპრეზენტაციების ანალიზზე. ამ მხრივ განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის იყო კეიტ მილეტის წიგნი „სქესობრივი პოლიტიკა“ (1970), რომელშიც ავტორი ამტკიცებდა, რომ ქალთა სახეები პატრიარქალური ძალაუფლების დინამიკაში უნდა განვიხილოთ; ამ წიგნმა გზა გაუხსნა ლიტერატურული კრიტიკის ახალ სფეროს. „ლიტერატურული რეფლექსიის“ ცნების გამოყენებით მილეტმა ახლებურად წაიკითხა მამაკაცების შექმნილი ლიტერატურული ტექსტები, წარმოაჩინა „მაღალი“ ლიტერატურის მიზოგინია და, ამასთან, მისი „წინააღმდეგობრივი წაკითხვის“ (ტექსტის საყოველთაოდ გაზიარებული ინტერპრეტაციის საწინააღმდეგო ინტერპრეტაციის) პოტენციალი. ამ ტენდენციის პარალელურად, ფემინისტმა კრიტიკოსმა ელენ შოუვოლთერმა (1979) გამოთქვა მოსაზრება, რომ ლიტერატურის ფემინისტური კრიტიკა გინოკრიტიკის გზით უნდა წასულიყო, ანუ კონცენტრირებულიყო ქალებზე, როგორც მწერლებზე და არა როგორც მკითხველებსა თუ მაყურებლებზე. ამით მან გზა გაუხსნა ლიტერატურული კრიტიკის ახალ მიმართულებას, რომელიც ძირითადად ქალ მწერლებს ეხებოდა. თუმცა გინოკრიტიკა მოგვიანებით წერა-კითხვის არმცოდნე ქალთა სხვადასხვა ჯგუფის (რასის, კლასის) უგულებელყოფისა და ესენციალიზმისთვის გააკრიტიკეს. ქალთა სახეების უფრო პირდაპირი კრიტიკა წამოვიდა ვიზუალური არტისტებისა და კრიტიკოსებისგან, განსაკუთრებით გრიზელდა პოლოკისგან. ამგვარად, ქალთა ლიტერატურულ სახეებზე კამათი გადახლართულია უფრო ფართო საკითხებთან, რომლებიც ეხება ქალების, როგორც ტექსტების შემქმნელებისა და მომხმარებლების, დამოკიდებულებას რეპრეზენტაციასთან, ასევე არაცნობიერისა და სოციალურის და პოლიტიკურის ურთიერთკავშირს და სხვ.
მერი ჯაკობუსის მიხედვით (1986), ქალი მკითხველები, სხვა მკითხველების მსგავსად, მონაწილეობენ გაცვლით სისტემაში, რომელიც განსაზღვრავს მნიშვნელობათა კონსტრუირებას და სახეებიც მნიშვნელობას ამ გაცვლითი პროცესების შედეგად იძენენ. ამგვარი ლიტერატურული თეორიები საფუძველს იღებს ფსიქოანალიზურ მოდელში, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიზუალური მედიის, განსაკუთრებით, კინემატოგრაფიის თეორიულად გააზრებისთვის. ლორა მალვი („ვიზუალური სიამოვნება და ნარატიული კინო“) ამტკიცებს, რომ სქესობრივი განსხვავება მთავარია ვიზუალური სიამოვნებისთვის, ასე რომ ქალი ყოველთვის წარმოდგენილია, როგორც მამაკაცის მზერის სასურველი ობიექტი, ხოლო მზერის ქალი სუბიექტის არსებობა გამორიცხულია. ის, თუ რამდენად არის ქალი ყოველთვის მზერის და, აქედან გამომდინარე, სურვილის ობიექტი, მნიშვნელოვანი საკითხი გახდა ფილმის თეორეტიკოსებისათვის. მედიისა (განსაკუთრებით ტელევიზიისა და პოპულარული მელოდრამების) და მისი აუდიტორიის შესწავლამ, ასევე ადრეული ფემინისტური ნაშრომების კრიტიკამ, რომელიც თეთრკანიან, მეტ-ნაკლებად პრივილეგირებულ და ჰეტეროსექსუალურ სუბიექტს გულისხმობდა, გზა გაუხსნა ვიზუალური და ვერბალური სახეების ფუნცქიონირების მრავალფეროვნების კვლევას. პოპულარული ფილმებისა და სერიალების ანალიზმა წამოჭრა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ პოზიციონირებენ ქალები პერსონაჟების მიმართ. შედეგად ბევრმა ფემინისტმა უკუაგდო მოსაზრება, რომ ქალთა სახეები უშუალოდ მამაკაცური ძალაუფლების გამოხატვისა და ოპერირების ინსტრუმენტია. ამან პორნოგრაფიულ-ვიზუალურ და ვერბალურ რეპრეზენტაციებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ფემინისტებს შორის. დასავლეთში შავკანიანი და ფერადკანიანი ქალები აკრიტიკებდნენ ფსიქოანალიზის მიხედვით შექმნილ ანალიტიკურ მოდელებს, რადგან ფსიქოანალიზი უგულებელყოფს რასას და კლასს და მხოლოდ სექსუალობას და გენდერს აღიარებს. ბელ ჰუკსი თავის ნაშრომში შავკანიანი ქალებისა და კინოს შესახებ გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რასა გადამწყვეტი ელემენტია სახეების მთელი დასავლური წარმოებისთვის და რომ შავკანიან ქალებს შეუძლიათ შექმნან და ქმნიან კიდეც ოპოზიციურ მზერას. ბელ ჰუკსი, თავის მხრივ, გააკრიტიკეს შავკანიანი ქალის ესენციალიზებისთვის. თუმცა არსებობენ სხვა არათეთრკანიანი ფემინისტი ავტორები და აქტივისტებიც, რომლებიც აღიარებენ, რომ სახეების ძალაუფლების გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია თანამშრომლობისა და კოლექტიური ბრძოლისთვის. იმავეს აცხადებენ სხვა მარგინალიზებული ჯგუფების წევრებიც. ვალერი ვალკერდინი ამტკიცებს, რომ აუცილებელია პოპკულტურის ანალიზში კლასის კატეგორიის შემოტანა. ლესბოსელი და ქვიარ თეორეტიკოსებისთვის მნიშვნელოვანია ლესბოსელთა რეპრეზენტაცია სტერეოტიპული კლიშეების გარეშე და ქალის პოზიტიური ეროტიკული მზერის შესაძლებლობის დაშვება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Robbins, R. (2001) “Will Real Feminist Feminist Theory Please Stand Up?”, Wolfreys,J (Ed.) (2006) Introducing Literary Theories,Edinburgh University Press.
Code, L. (Ed) (2000) Encyclopedia of Feminist Theories, London and New York: Routledge.