კუდიანების დევნა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Witch Hunt

1450 წლიდან 1700 წლამდე ევროპაში დაახლოებით 100,000 ადამიანი შეეწირა ეგრეთ წოდებულ „კუდიანების დევნას“. ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპის უდიდეს ნაწილში მსხვერპლთა 75-80 პროცენტს ქალები შეადგენდნენ. „ტიპური“ კუდიანი, როოგრც ასეთი, არ არსებობდა. დადანაშაულებულთა და დაპატიმრებულთა შორის შეიძლება ყოფილიყვნენ როგორც 8-9 წლის ბავშვები, ისე მოხუცი ქალები. არ არსებობდა განმსაზღვრელი სოციალური კლასი: კუდიანად ბრალდებული შეიძლება ყოფილიყო როგორც ძალიან ღარიბი, ისე - მამულების მფლობელი, მკურნალ-ექიმბაში თუ ბებიაქალი, მათხოვარიც და ფერმერიც. არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ იყვნენ ქალები კუდიანთა დევნის მთავარი სამიზნე. პირველ ყოვლისა, ამას ხელს უწყობდა მსოფლიოში გავრცელებული უძველესი რწმენა ჯადოქარი ქალების შესახებ, შერწყმული ევას მიზეზით კაცობრიობის სამოთხის ბაღიდან გამოძევების ბიბლიურ ნარატივთან. ითვლებოდა, რომ ქალებს მეტად აქვთ მიდრეკილება ეშმაკისეულისა და ბოროტ ძალთა ცდუნებისკენ. ქალთა საგანგებო დევნას ხელი შეუწყო სოციალურმა და ეკონომიურმა ფაქტორებმაც. ქალები არ ჰქონდათ ძალაუფლება და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ისინი ქმრებზე, მამებსა და მამაკაც ნათესავებზე იყვნენ დამოკიდებული, ხოლო თუ მამაკაცი ნათესავები არ ჰყავდათ, მათი ხვედრი ეკონომიკურად მარგინალიზება იყო და მათხოვრობით ან პროსტიტუციით უხდებოდათ თავის გატანა. ამ ტიპის ქალები უფრო მოწყვლადი იყვნენ კუდიანობაში დადანაშუალებისთვის, მათ არ ჰყავდათ ნათესავები, რომლებიც სასამართლოზე დაიცავდენ, ამგვარად, ისინი საზოგადოების შიშისა და აღშფოთების იოლი სამიზნე ხდებოდნენ. კუდიანური „დანაშაული“ საოჯახო სივრცეში ხდებოდა: ბავშვებისთვის ან საქონლისთვის ავადმყოფობის შეყრა, რძის აჭრა კარაქის დამზადებისას, ქმრებისა და შეყვარებულების წართმევა და სხვ. მკურნალები და ბებიაქალები უმეტესწილად ქალები იყვნენ, ამგვარად, როდესაც ავადმყოფი არ გამოჯანმრთელდებოდა ან მშობიარობა ცუდად დასრულდებოდა, მათ ჯადოს გაკეთებაში ადანაშაულებდნენ. იყო კიდევ ერთი კულტურულად განპირობებული ფაქტორი: მეზობლებთან ჩხუბისას და კონფლიქტისას ქალები უფრო ხშირად იყენებდნენ წყევლას, ხოლო მამაკაცები პირდაპირ ფიზიკური ძალით უსწორდებოდნენ ერთმანეთს. ეს კი კულტურაში, რომელიც სიტყვებს მაგიურ ძალას მიაწერდა, ქალთა ჯადოქრობაში დადანაშაულების კიდევ ერთი მიზეზი ხდებოდა. დადანაშაულება შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყო არაკონფორმისტი ქალების მოთვინიერებისა და დამორჩილებისთვისაც. საბოლოოდ, ეშმაკისეული კუდიანის კონსტრუქტი თავად სოციალური სამყაროს ინვერსიას წარმოადგენდა - თუ ყოველდღიურ სამყაროში ძალაუფლებრივ ველში მამაკაცები დომინირებდნენ, ეშმაკისეულ დისტოპიაში ძალაუფლება ქალების ხელში იყო წარმოდგენილი. აქ ისინი მათთვის შესაფერის საოჯახო როლებს უკუღმა ასრულებდნენ: ცხოვრებისთვის საჭირო საქმეების კეთების ნაცვლად, როგორიცაა საჭმლის მომზადება, ბავშვებსა და ავადმყოფებზე ზრუნვა, ისინი ბავშვებისგან ამზადებდნენ კერძებს, ხარშავდნენ საწამლავს და იწვევდნენ ავადმყოფობებს; ქმართან მონოგამიური თანაცხოვრების ნაცვლად, სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ ეშმაკთან და დემონებთან, მონაწილეობდნენ ორგიებში.

კუდიანთა დევნის ყველა მსხვერპლი როდი იყო ქალი. ხშირად კუდიანად გამოცხადებული ქალების მამაკაცი ნათესავებიც აღმოჩნდებოდნენ ხოლმე სამიზნე. ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ინკვიზიცია ყველაზე ძლიერი იყო, მამაკაცებს უფრო ხშირად ერეტიკოსობაში ადანაშაულებდნენ, კუდიანობაში ბრალდებულ ქალებს კი მონანიების საშუალებას აძლევდნენ. ფინეთსა და ისლანდიაში კი კუდიანობაში დადანაშაულებულთა შორის ქალებს მამაკაცები სჭარბობდნენ. ეს შეიძლება ადგილობრივი წეს-ჩვეულებების თავისებურებებით აიხსნას: აქ ადგილობრივი მაგიური პრაქტიკები მეტწილად მამაკაცთა მიერ სრულდებოდა და ამიტომაც ისინი უფრო მეტად ასოცირდებოდნენ მაგიასთან, ვიდრე ქალები.

კუდიანთა დევნის დროს ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი დაისაჯა სიკვდილით, ხოლო ასიათასობით შიშსა და ძრწოლაში ცხოვრობდა. ჩვეულებრივი ადამიანები ხშირად იყენებდნენ კუდიანობაში ბრალდებას მეზობლებზე შურის საძიებლად. პრაქტიკა ევროპიდან კოლონიებშიც გავრცელდა: ქრისტიანობის შესვლასთან ერთად ამერიკის კონტინენტებზეც დაიწყო კუდიანთა დევნა. კოლონიებში, ისევე, როგორც ევროპაში, ეჭვი უფრო ხშირად ქალებზე იყო მიმართული: სამიზნე შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილობრივი ხალხური მაგიის პრაქტიკოსი ან ჩვეულებრივი სოფლის ქალი.

მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებიდან ძლიერი ურბანიზაციისა და განმანათლებლობის გავლენით ჯადოქრობაში ბრალდებები წარსულს ჩაბარდა. თუმცა კუდიანების არსებობის რწმენას და ჯადოს მოხსნის პრაქტიკებს ოცდამეერთე საუკუნეშიც არაერთგან შეიძლება წავაწყდეთ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Malti-Duglas F. (2007) (Ed.) Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale

კატეგორია: 
ავტორები: