ვენდი ბრაუნი (დაბ. 1955) თანამედროვე ამერიკელი პოლიტიკის თეორეტიკოსია. ვენდი ბრაუნს ეკუთვნის შრომები პოლიტიკური თეორიის ისტორიის, მე-19 და მე-20 საუკუნის კონტინენტური ფილოსოფიის, კრიტიკული თეორიის, თანამედროვე კაპიტალიზმის შესახებ. ბრაუნი ცნობილია მარქსის, ნიცშეს, ვებერის, ფროიდის, ფრანკფურტის სკოლის თეორეტიკოსების, ფუკოსა და თანამედროვე კონტინენტური ფილოსოფოსების ნააზრევის ერთმანეთთან დაკავშირებით. ბრაუნი კრიტიკულად მიმოიხილავს ძალაუფლების ფორმაციებს, პოლიტიკური იდენტობის, მოქალაქეობისა და პოლიტიკური სუბიექტურობის საკითხებს თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიებში.
ბრაუნი ფემინისტური პოლიტიკისა და თეორიის პერსპექტივიდან აანალიზებს ძალაუფლებასა და თავისუფლებას შორის მიმართებას. ფუკოს გვიანდელ შრომებზე დაყრდნობით ბრაუნი ამტკიცებს, რომ ურთიერთობები ძალაუფლებასა და თავისუფლებას, ასევე ძალაუფლებასა და წინააღმდეგობას შორის ორმხრივ ინტერაქციას ეფუძნება და რომ თავისუფლების შესაძლებლობა სწორედ ძალაუფლებრივი ურთიერთობების წიაღში უნდა ვეძებოთ. ბრაუნი უპირისპირდება ფემინისტურ მიდგომებს, რომლებიც ემყარება დაშვებას, რომ წინააღმდეგობა არსებითად დესტრუქციულია ძალაუფლებისთვის. ბრაუნის აზრით, ფემინისტური პოლიტიკა, რომელიც ძალაუფლებას იმთავითვე უარყოფითად აფასებს, ძალზე ახლოს დგას „გრანდ ნარატივთან“ დაკავშირებულ მეტაფიზიკურ პრინციპებთან.
ფემინისტურ თეორიულ დებატებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრაუნის მიერ ქეთრინ მაქქინონის კრიტიკა ქალების მდგომარეობის უნივერსალიზების გამო, რასაც, ბრაუნის მიხედვით, მაქქინონი ქალების გამოცდილების შესახებ დისკურსების კანონმდებლობაში კოდირებით აკეთებს. ბრაუნის აზრით, ქალების დაქვემდებარების შესახებ ჭეშმარიტების დადგენის მცდელობა პირდაპირ კავშირშია თავისუფლების ინსტიტუციონალიზებასთან, რადგან ამ მცდელობის მიზანია ქალების გათავისუფლება სექსუალური სუბორდინაციისაგან. ბრაუნი ფუკოს ეთანხმება იმაში, რომ თავისუფლება არ უნდა ვეძებოთ არც ინსტიტუტების წიაღში და არც იდეალებსა და პროკლამაციებში, არამედ მხოლოდ პრაქტიკებში (2006).
ბრაუნის ერთ-ერთი ბოლო ნაშრომი „დემოსის დაშლა“ (Undoing the Demos, 2015) თანამედროვე ნეოლიბერალიზმის ასპექტებს ეხება. მისი აზრით, ნეოლიბერალიზმი ისეთი არასტაბილური და მუდმივად ცვალებადი ელემენტებისაგან შედგება, რომელთაც ტრანსფორმაციისა და გარემოებების მიმართ ადაპტირების განსაკუთრებული უნარები აქვთ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Brown, Wendy (1995). States of Injuries: Power and Freedom in Late Modernity. Princeton: Princeton University Press.
Brown, Wendy (2006). Regulating Aversion: Tolerance in the Age of Identity and Empire. Princeton: Princeton University Press.
Brown, Wendy (2015). Undoing the Demos: Neoliberalism’s stealth revolution. Zone Books, MIT Press.