სხვაობის ზღურბლის სიდიდე სტანდარტული გამღიზიანებლის ინტენსივობის პროპორციულია. სხვა სიტყვებით, ორ სტიმულს შორის ოდნავ შესამჩნევი სხვაობის შეფარდება სტანდარტული სტიმულის ინტენსივობასთან მუდმივი სიდიდეა.
ეს დამოკიდებულება 1934 წელს ერნესტ ვებერმა, სხვაობის ზღურბლის პირველმა მკვლევარმა, აღმოაჩინა. დავუშვათ, სხვაობის ზღურბლის განსაზღვრის ექსპერიმენტს ატარებთ, რომელშიც გამოყენებულია 10 მმ სიგრძის სწორი ხაზი — სტანდარტული ნიმუში. ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად ცდის მონაწილეებს ორ ხაზს წარუდგენთ, რომელთაგან ერთი 10 მმ სტანდარტული სიგრძისაა, მეორე კი მცირედით განსხვავდება სტანდარტულისგან. მონაწილეების ამოცანაა, თქვან, არის თუ არა ამ ორი საზის სიგრძე ტოლი. ნახავთ, რომ სხვაობის ზღურბლი დაახლოებით 1 მმ-ია. ცდის მონაწილეები 10 მმ-ის სიგრძის ხაზს 11 მმ სიგრძის ხაზისგან შემთხვევათა 50%-ში განასხვავებენ, მაგრამ 20 მმ სიგრძის ხაზისთვის 1 მმ-იანი ნამატი უკვე არასაკმარისი იქნება. ამ შემთხვევაში 2 მმ-ის დამატება დაგჭირდებათ ოდნავ შესამჩნევი სხვაობის მისაღებად. 40 მმ სიგრძის სტანდარტული ხაზის გამოყენების შემთხვევაში უკვე 4 მმ-ის დამატება იქნება საჭირო.
ამრიგად, სტანდარტული ხაზის სიგრძის ზრდასთან ერთად იზრდება ოდნავ შესამჩნევი სხვაობაც (იხ. სურ.). რაც არ იცვლება გრძელი და მოკლე ხაზებისთვის, არის ნამატის ოდენობის შეფარდება ხაზის სიგრძესთან, რომელიც ქმნის ოდნავ შესამჩნევ სხვაობას.
ვებერის კანონი მართებულია ნებისმიერი სენსორული სისტემისთვის. ვებერმა აღმოაჩინა, რომ თითოეული სტიმულის პარამეტრისათვის არსებობს მისთვის დამახასიათებელი პროპორცია. ვებერის კანონის ამსახველ ფორმულაში (იხ. სურათი) k არის პროპორცია ანუ ვებერის კონსტანტა სტიმულის თითოეული პარამეტრისთვის. ვებერის კანონი საკმაოდ ზუსტია, მაგრამ მაინც არ არის უნივერსალური, მაგალითად, მაშინ, როდესაც სტიმულის ინტენსივობა ძალიან მაღალია.
***
გამოყენბული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.