ტერმინი „ხედვის გზები“ ინგლისელმა მწერალმა და კრიტიკოსმა ჯონ ბერგერმა დაამკვიდრა. მან 1972 წელს გამოსცა ამავე სახელწოდების წიგნი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ვიზუალური ტექსტების აღქმასა და ანალიზზე. ბერგერის თანახმად, ვიზუალური ტექსტების – ნახატების – ეფექტი განისაზღვრება არა მხოლოდ იმით, თუ რა არის მათზე გამოსახული, არამედ იმითაც, თუ როგორ გვაიძულებენ თავად ნამუშევრები, რომ მათ შევხედოთ. იგი იყენებს გამოთქმას „ხედვის გზები“ იმ ფაქტის აღსანიშნავად, რომ დამთვალიერებელი არასოდეს აღიქვამს მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ საგანს ცალკე აღებულს, მისი აღქმა ყოველთვის იმ დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს, რომელიც მას – დამთვალიერებელსა – და მის ირგვლივ არსებულ საგნებს შორის არსებობს. ამ არგუმენტის გასამყარებლად ჯონ ბერგერი განიხილავს დასავლეთ ევროპის მხატვრობაში ნუდის – ქალის შიშველი სხეულის გამოხატვის – ტრადიციას. მას მრავალი მაგალითი მოჰყავს ხედვის იმ სხვადასხვა გზის საილუსტრაციოდ, რომელთა მეშვეობითაც ქალი წარმოგვიდგება შიშველი, ამაოებით შეპყრობილი, პასიური, სექსუალურად მომხიბვლელი და გამომწვევი, როგორც შესაფასებლად გამოფენილი სანახაობა.
ჯონ ბერგერი ამტკიცებს, რომ ნუდის ჟანრში მთავარი პროტაგონისტი არ იხატებოდა, რადგანაც მთავარი პროტაგონისტი ის არის, ვინც ნახატს უყურებს და ის, როგორც წესი, მამაკაცია. ნახატზე გამოსახული ყველა დეტალი უჩინარი, ნახატს მიღმა მყოფი მამაკაცის მზერას უკავშირდება და მის იქ ყოფნაზე მიუთითებს: გამოსახული ფიგურები სწორედ მისი მზერისთვის გაშიშვლებულან. ბერგერის თანახმად, ნუდის ანალიზი მარტო იმაზე კი არ გვიქმნის წარმოდგენას, როგორ ხდებოდა ფემინურობის რეპრეზენტაცია, არამედ იმაზეც, როგორ ხდებოდა მასკულინობის კონსტრუირება. ეს რეპრეზენტაციები კი, თავის მხრივ, გენდერული განსხვავების უფრო ფართო კულტურული კონსტრუქციის ნაწილია: „მარტივად რომ ვთქვათ, მამაკაცები მოქმედებენ, ქალები კი ჩანან. მამაკაცები უყურებენ ქალებს. ეს განსაზღვრავს არა მხოლოდ ქალთა და მამაკაცთა ურთიერთდამოკიდებულებას, არამედ ქალთა საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებასაც. ქალში საკუთარ თავზე დამკვირვებელი მამაკაცია, ხოლო დაკვრივების ობიექტი - ქალი. ამგვარად, ქალი თვითონვე აქცევს საკუთარ თავს ობიექტად, კერძოდ, ხედვის ობიექტად – ხედად“ (ჯონ ბერგერი, 1973, 47).
მოგვიანებით ბერგერი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ იგი ჰეტეროსექსუალობას უპირობო მოცემულობად განიხილავდა და მისი თვალსაზრისის ზოგიერთი ასპექტის შეცვლა სცადეს. თუმცა ბევრი კრიტიკოსი ეთანხმება მის ზოგად დებულებას იმ კავშირის შესახებ, რომელიც ნახატსა და დამთვალიერებელს შორის მყარდება. ნახატები ყოველი შეხედვისას გარკვეულ ეფექტებს წარმოშობენ. ამგვარად, ნახატის სერიოზულად განხილვა გულისხმობს იმის გააზრებასაც, როგორ ახდენს ესა თუ ის ნახატი ჩვენს – დამთვალიერებლის - პოზიციონირებას მასთან მიმართებაში (ჯილიან როუზი, 2007, 10).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Berger, J.(1973). Ways of Seeing, British Broadcasting Corporation and Penguin Books.
Rose, G. (2007) Visual Methodologies, SAGE.