მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ ძალადობა განიმარტება, როგორც ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგ, რომელსაც შედეგად მოსდევს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი, გარდაცვალება, განვითარების შეფერხება ან საერთო რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. ძალადობა შესაძლოა იყოს ინტერპერსონალური, საკუთარი თავის მიმართ ჩადენილი (სუიციდი და სხვა სახის თვითდესტრუქციული ქცევა) ან კოლექტიური (ომი).
გამოყოფენ ძალადობის 4 კატეგორიას: ეკონომიკურ ძალადობას (რომელიც საჯარო რესურსების არათანაბარ მისაწვდომობას გულისხმობს), ფსიქოლოგიურ ძალადობას (საჯარო თუ პირადი შეურაცხყოფა, დამუქრება), ფიზიკურ ძალადობას და სექსუალურ ძალადობას (ნებისმიერი სექსუალური აქტი, რომელიც განხორციელებულია რომელიმე მონაწილე მხარეს თანხმობის გარეშე). ძალადობის ეს სახეობა მოიცავს, ასევე, სექსუალური შინაარსის მქონე დაცინვებს, ხუმრობებს, კომენტარებსა და შეთავაზებებს.
თითქმის ყოველთვის, როდესაც ძალადობას რეგულარული ხასიათი აქვს, ის სტრუქტურული ჩაგვრისა და ძალაუფლებრივი იერარქიების კონტექსტში ხორციელდება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Krug et al., "World report on violence and health", World Health Organization, 2002.