„ქალის უფლებების დაცვა“

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
A Vindication of the Rights of Woman

„ქალის უფლებების დაცვა“ (A Vindication of the Rights of Woman: with Strictures on Political and Moral Subjects, 1792) მერი უოლსტონკრაფტის (1759-1797) ტრაქტატია, რომელიც საყოველთაოდაა აღიარებული ფემინისტური აზრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კლასიკურ ტექსტად. უოლსტონკრაფტმა ის 1791 წლის ბოლოს დაწერა, ფრანგი პოლიტიკოსის, შარლ მორის ტალეირანის (1754-1838) მიერ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წინაშე წარდგენილი მოხსენების საპასუხოდ. ტალეირანი ამტკიცებდა, რომ ქალებს მხოლოდ შინ, არაფორმალურ გარემოში უნდა მიეღოთ განათლება. სწორედ ამ აზრთან დაპირისპირება გახდა „ქალის უფლებების დაცვის“ დაწერის საბაბი.

„ქალის უფლებების დაცვა“ ერთდროულად პოლიტიკის თეორიული, პედაგოგიური და დიდაქტიკურ-მორალისტური ტრაქტატია. მასში ავტორი აკრიტიკებს არისტოკრატიზმსა და მემკვიდრეობით მიღებულ პრივილეგიებს და იცავს ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების კონცეფციას, რომელიც აზროვნებით, გონების ძალისხმევით აღმოჩენადი ბუნებრივი სამართლის იდეას ემყარება. უოლსტონკრაფტის არგუმენტების ამოსავალია განმანათლებლური იდეა, რომ გონების განვითარება და მისი გამოყენებაა როგორც ინდივიდუალური ადამიანის, ისე მთელი საზოგადოების წინსვლის აუცილებელი წინაპირობაც და ერთადერთი საშუალებაც. მისი არგუმენტების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წანამძღვარია მისი რწმენა, რომ ადამიანებში გონებაა უმაღლესი უნარი და, შესაბამისად, მისი განვითარება და გამოყენება ადამიანის, როგორც ქალების, ისე კაცების დანიშნულებაა. ამ იდეების შუქზე აკრიტიკებს ის თავის თანამედროვე საზოგადოებაში ქალების მდგომარეობას, მათი აღზრდის შესახებ პოპულარულ თეორიებს, მათი ხასიათისა და მათთვის შესაფერისი ცხოვრების შესახებ გაბატონებულ შეხედულებებს.

„ქალის უფლებების დაცვაში“ ცენტრალური ადგილი უკავია ქალთა აღზრდისა და განათლების საკითხებს. აქ არგუმენტების მთავარი სამიზნეა ჟან-ჟაკ რუსოს (1712-1778) პედაგოგიურ რომანში - „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ (1762) - წარმოდგენილი თეორია გოგონების განათლების შესახებ. რუსოს თეორიის საპირისპიროდ უოლსტონკრაფტი ამტკიცებს, რომ გოგონებს, ისევე, როგორც ვაჟებს, სჭირდებათ აღზრდა, რომელიც მიმართული იქნება მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. თავისი არგუმენტების გასამყარებლად უოლსტონკრაფტი უკუაგდებს იმ გაბატონებულ აზრს (რომლის პოპულარიზებაში რუსო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო), რომ ქალსა და მამაკაცს ბუნებრივად აქვთ რადიკალურად განსხვავებული ხასიათი, უნარები, მისწრაფებები და სურვილები, ამიტომ მათთვის რადიკალურად სხვადასხვა რამ არის სათნოება და კარგი ცხოვრება. ამ აზრის საპირისპიროდ უოლსტონკრაფტი ამტკიცებს, რომ ე. წ. ქალური ხასიათი ქალის ბუნებრივი, ბიოლოგიური თავისებურებებით კი არ არის განპირობებული, არამედ სოციალური ურთიერთობებისა და იმ სპეციფიკური აღზრდის შედეგად ყალიბდება, რომელსაც ქალები ადრეული ასაკიდანვე იღებენ. ის ამტკიცებს, რომ ყველა ის თვისება, რომლებსაც ქალების სქესს მიაწერდნენ - სენტიმენტალურობა, პრანჭვისა და ჭორაობის სიყვარული, ჭირვეულობა, ნაკლები ინტერესი ზოგადსაკაცობრიო პრობლემების ან მეცნიერების მიმართ, ნაკლები ფიზიკური აქტიურობა და თვით ფიზიკური ძალის ნაკლებობაც კი - სოციალური ნორმებისა და ქალების აღზრდის შედეგია (ის არ უარყოფს იმას, რომ მისი დროის ქალებს ნამდვილად აქვთ ეს თვისებები - ის მხოლოდ იმას უარყოფს, რომ ეს თვისებები ქალებს მათი სქესის ბუნების გამო აქვთ).

გარდა იმისა, რომ ქალურობის ატრიბუტების სოციალურ წარმოშობას ამტკიცებს, უოლსტონკრაფტი აჩვენებს მათ უარყოფით ზემოქმედებას ქალის ცხოვრებაზე, საზოგადოებაში მის სტატუსზე და ქალების შესაძლებლობაზე, ღირსეულ ადამიანებად რეალიზდნენ. ამრიგად, უოლსტონკრაფტის მსჯელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ სხვადასხვა სქესის მიმართ საზოგადოებაში სხვადასხვა მოთხოვნის გამო ქალები და მამაკაცები სხვადასხვაგვარად ყალიბდებიან. მისთვის მთავარია, რომ მოთხოვნებსა და მოლოდინებში ეს განსხვავებები არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს ქალებსა და მამაკაცებს იმ აბსოლუტური საზომის თვალსაზრისით, რომელსაც განსაზღვრავს ადამიანის, ზოგადად, რაობა.

შემდგომი თაობების ფემინისტებმა „ქალის უფლებების დაცვა“ გააკრიტიკეს საშუალო კლასზე კონცენტრაციისა და ღარიბი ფენის ქალების პრობლემების უგულებელყოფის გამო; აგრეთვე, იმის გამო, რომ ის უკრიტიკოდ იღებს ოჯახში ქალსა და მამაკაცს შორის როლების ტრადიციულ განაწილებას („კაცი - მარჩენალი, ქალი - ბავშვების აღზრდა და საოჯახო სქმეები“), პირად და საზოგადო სფეროებს შორის მკაცრ გამიჯვნას, ოჯახის ინსტიტუტს და სხვ. ამის მიუხედავად, უოლსტონკრაფტის ტექსტის, როგორც ფემინისტური აზრის კლასიკის, მნიშვნელობა, უდავოა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

ცხადაძე, თ., „მერი უოლსტონკრაფტი და მისი „ქალის უფლებების დაცვა“, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, წიგნი I, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2014, გვ. 267-276.

კატეგორია: 
ავტორები: