ვებერი განიხილავს რაციონალობის ოთხ ფორმას: ა) კონცეპტუალური (რაციონალური) - იგულისხმება ნებისმიერი კოგნიტური პროცესი, რომელიც რეალობის მართვას ახორციელებს აბსტრაქტული ცნებების აგების გზით. იგი წარმოადგენს კოგნიტურ კონფრონტაციას ადამიანის რეალურ გამოცდილებასთან ისეთი აზროვნებითი პროცესების მეშვეობით, როგორიცაა ლოგიკური დედუქცია და ინდუქცია, მიზეზობრიობის მიწერა, სიმბოლური მნიშვნელობების ფორმირება და სხვა; ბ) ინსტრუმენტული (პრაქტიკული) - ეს ტიპი ადამიანის მოღვაწეობას განიხილავს წმინდა პრაგმატულ და ეგოისტურ ინტერესებთან მიმართებაში. იგი ითვალისწინებს მოცემული მიზნის მეთოდურ განხორციელებას ტექნიკურად ეფექტური და ოპერატიული საშუალებების გამოყენებით. აქ მოქმედების მოდელები განხილულია არა თვითკმარი ღირებულებების სისტემის, არამედ უტილიტარიზმის პოზიციებიდან; გ) სუბსტანციური (თვითმყოფადი) რაციონალობა - იგი დაკავშირებულია შეფასების სტანდარტებთან. ეს ფორმა აყალიბებს ვალიდურ წესებსა და კრიტერიუმებს, რომლებიც მოიცავს ეთიკურ იმპერატივებს, ესთეტიკურ საზომებს, სამართლებრივ და პოლიტიკურ მაქსიმებს და ა.შ. მათ საფუძველზე შეირჩევა, გაიზომება და შეფასდება ემპირიულ მოვლენათა ერთობლიობა; დ) ფორმალური რაციონალობა - ეს ტიპი აყალიბებს აბსტრაქტულ პროცედურებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს პიროვნული კავშირებისა და საზოგადოებრივი თვალსაზრისების გავლენა და მაქსიმალურად გაზარდოს ქმედებების გათვლის შესაძლებლობა. იგი, პრაქტიკული რაციონალობის მსგავსად, სოციალურ მოქმედებებს აქცევს კალკულირებადი წესრიგის ფარგლებში, მაგრამ თუ პრაქტიკული რაციონალობა ყოველთვის ამოდის პრაგმატული ინტერესებიდან, ფორმალური რაციონალობა მიზან-საშუალებათა გამოთვლას ახდენს უნივერსალურად გამოყენებადი წესების, კანონებისა თუ ნორმების საფუძველზე. ასეთი გამოთვლის შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღება „პიროვნებების მხედველობაში მიღების გარეშე“. ვებერი ფორმალური რაციონალობის გამოკვეთილ ინდიკატორად ბიუროკრატიულ ძალაუფლებას მიიჩნევს.
რაციონალობის ტიპები
Types of Rationality
კატეგორია: