სანდოობის დადგენის ერთ-ერთი მეთოდი, რომლის დროსაც ტესტი ერთსა და იმავე ადამიანებს ორჯერ მიეწოდება. სხვა სიტყვებით, ტესტ-რეტესტული სანდოობა ადამიანთა ერთი ჯგუფისგან ერთ ტესტში მიღებული ქულების ორ ნაკრებს შორის კორელაციაა.
ვინაიდან სანდოობის დადგენის ამ მეთოდში არ გამოიყენება პარალელური ტესტები, ზოგიერთი თეორეტიკოსი მას ტესტის ქულის სტაბილობის ინდექსს უწოდებს და არა — თავად სანდოობას. ტესტ-რეტესტული სანდოობის კოეფიციენტში შეცდომის ერთ-ერთი წყარო ისაა, რომ მონაწილეებმა პირველი ტესტირების დროს, შესაძლოა, დაიხსომონ ზოგიერთი დავალება, კითხვა თუ გაცემული პასუხი. ამიტომ, დამახსოვრების ეფექტის გამო, სანდოობის მაჩვენებელი რეალურზე მაღალი იქნება.
ტესტ-რეტესტული სანდოობა დროსა და მსგავს შერჩევებში შეთანხმებასაც გულისხმობს. კვლევაში სანდო ინსტრუმენტი სხვადასხვა დროს მსგავსი რესპონდენტებისგან მსგავს მონაცემებს იძლევა. მაგალითად, თუ საცობიდან ყოველ დღე ერთი ლიტრი წყალი ჟონავს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყალი სანდოდ იჟონება. მაგრამ თუ საცობიდან ზოგჯერ ერთი ლიტრი წყალი იჟონება და ზოგჯერ — ორი, მაშინ ეს არ იქნება სანდოდ გაჟონვა. კვლევის ექსპერიმენტულ და გამოკითხვის მოდელებში ეს ნიშნავს, რომ თუ ტესტი და რეტესტი (ანუ ხელახალი ტესტირება) სათანდო დროის შუალედში ჩატარდა, მაშინ მსგავსი შედეგები უნდა მივიღოთ. მკვლევარმა უნდა გადაწყვიტოს, დროის რა შუალედია ადეკვატური. ძალიან მცირე დროის შუალედში მონაწილეებს შეიძლება ახსოვდეთ, რა თქვეს ან რა გააკეთეს პირველი ტესტის დროს; დროის დიდ შუალედში კი გარეშე ფაქტორების ზემოქმედებამ შეიძლება დაამახინჯოს მონაცემები (მაგალითად, მომწიფება სტუდენტებში, მათზე მოქმედი გარეგანი გავლენები). ამ ტიპის სანდოობის საჩვენებლად მკვლევარმა სწორად უნდა შეარჩიოს ტესტისა და რეტესტის ვადა ანუ ის, დროის რა შუალედი იქნება ორ ტესტირებას შორის.
***
გამოყენებული ლიტერატურა
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Cohen, L., Manion, L., Morrison, K. (2007). Research Methods in Education. London, New York: Routledge.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. VII.