სტატისტიკა (მეცნიერება)

Statistics

მეცნიერება სტატისტიკა მათემატიკის ნაწილია, რომელიც გვაწვდის კვლევის მეთოდებს:

ა) დაგეგმვისათვის (დიზაინისათვის) – როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ კვლევები. ეს ეხება იმას, თუ რა საშუალებებით უნდა მივიღოთ კვლევისთვის სასურველი მონაცემები და როგორ ვაწარმოოთ კვლევა. იგი შეიძლება გულისხმობდეს გამოკითხვისათვის საჭირო კითხვარების კონსტრუირებისა და კვლევაში მონაწილე ადამიანების შერჩევის პროცესს.

აღწერა და დასკვნა არის სტატისტიკური ანალიზის ორი ძირითადი ელემენტი. როგორც წესი ყურადრებას უფრო ამახვილებენ სტატისტიკურ ანალიზზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დიზაინი არ არის მნიშვნელოვანი, პირიქით, თუ კვლევა არასწორად არის დაგეგმილი ან მონაცემები არასათანადოდაა შეგროვებული და შერჩეული, დასკვნებიც მცდარი იქნება, რაც არ უნდა ზუსტი იყოს სტატისტიკური ანალიზი.

ბ) აღწერისათვის - მონაცემების აღწერა და გამოკვლევა გულისხმობს მონაცემთა შეჯამების სხვადასხვა გზას და იმ საზომების გამოყენებას, რომელიც უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია მკვლევრისთვის.

აღწერის მთავარი დანიშნულებაა გამოიყოს, რა არის მნიშვნელოვანი მოპოვებულ მონაცემებში და მარტივი, გასაგები ფორმით წარმოადგინოს ის.  ნედლი მონაცემები თითოეული კვლევის მონაწილისაგან მიღებული პასუხები ან გაზომვის შედეგებია, დამატებითი ანალიზის გარეშე.

სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად ყველა ნედლი მონაცემი ჯამდება და მათი გამოსახვა ხდება რაოდენობრივად, ცხრილებში ან გრაფიკული ფორმით. ასეთნაირად მიღებულ რიცხვებს სტატისტიკები ეწოდება.

მონაცემების შეგროვების, ორგანიზების, კლასიფიკაციის, სისტემატიზაციისა და პირველადი დამუშავების მეთოდებს უწოდებენ აღწერით სტატისტიკას. მიღებულ სტატისტიკებს (შეფასებებს)  უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს პოპულაციის პარამეტრების შესაფასებლად, ვიდრე მონაცემთა პირვანდელ სრულ სიას.

გ) დასკვნისათვის - დასკვნითი სტატისტიკა შეიცავს მეთოდებს, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ დასკვნა პოპულაციის მახასიათებლების შესახებ მიღებული აღწერითი სტატისტიკების საფუძველზე. მაგალითად, უკანასკნელი კვლევების მიხედვით, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ ჩატარდა 150 თბილისელზე, გაირკვა, რომ მათგან  14%-ს სჯეროდა, რომ ფულით შესაძლებელია ბედნიერების ყიდვა. შეგვიძლია თუ არა ამ ინფორმაციის საფუძველზე გავაკეთოთ პროგნოზი თბილისის მთლიან მოსახლეობაზე,  ანუ გავარკვიოთ 2 მილიონი თბილისელის რამდენ პროცენტს სჯერა ეს. არსებობს სტატისტიკური მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ხდება მცირე ჯგუფიდან მიღებული ინფორმაციის განზოგადება უფრო დიდ ჯგუფზე.

სტატისტიკური ანალიზის მეთოდების კლასიფიცირება აღწერითად და დასკვნითად დამოკიდებულია კვლევის მიზანზე.

სიტყვა სტატისტიკა წარმოიშვა ლათინური სიტყვისგან (status) - საქმეთა მდგომარეობა. მეცნიერებაში ტერმინი “ სტატისტიკა“ პირველად შემოიტანა გერმანელმა მეცნიერმა გოთფრიდ ახენვალმა 1774 წელს.  პირველი გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაცია თარიღდება III-II საუკუნით ჩვენს წელთაღრიცხვამდე (შუმერების თიხის ფირფიტები). ჩინეთში 2238 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ჩატარებული იყო მოსახლეობის აღწერა. სტატისტიკური მეთოდების გამოყენება აღწერილი იყო ბიბლიაში  ძველ აღთქმაში, იქ მოყვანილია სხვადასხვა ტომის  მებრძოლთა რაოდენობა. გერმანიაში გ. კომრინგმა (1606 – 1681) შეაგროვა და დაამუშავა ინფორმაცია სახელმწიფოს მდგომარეობაზე. ინგლისში წარმოიშვა „პოლიტიკური არითმეტიკოსების“ სკოლა (1640 – 1687 წლები), 1794 წელს გერმანელმა მეცნიერმა კარლ გაუსმა დაასაბუთა სტატისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი - უმცირეს კვადრატთა მეთოდი, რომელიც მის მიერ გამოყენებული იყო ასტრონომიური მონაცემების დასამუშავებლად.  მე - 19 საუკუნეში კეტლმა, მონაცემთა დიდ რაოდენობაზე დაყრდნობით, აჩვენა რამოდენიმე  ფარდობითი სტატისტიკური მაჩვენებლების მდგრადობა. მე- 20 საუკუნის პირველ ნახევარში კ. პირსონის (1857-1936), სტიუდენტის, ფიშერის (1890-1962) მიერ შექმნილი იყო შეფასებების, ჰიპოთეზათა შემოწმების მეთოდები, დისპერსიული ანალიზი. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში პოლონელმა ეჟი ნეიმანმა (1894- 1977) და ინგლისელმა ე. პირსონმა შეიმუშავეს პარამეტრული ჰიპოთეზების შემოწმების თეორია.

რუსმა მეცნიერებმა ა.ნ. კოლმოგოროვმა (1903-1987) და ნ.ვ. სმირნოვმა (1900-1966) ჩაუყარეს საფუძველი არაპარამეტრული სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების თეორიას. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ა.ვალდის მიერ შექმნილი იყო სტატისტიკური მიმდევრობითი ანალიზი. 1853 ბრიუსელში ჩატარებული იყო სტატისტიკის პირველი საერთაშორისო კონგრესი. 1885 წელს შექმნილი იყო პირველი საერთაშორისო სტატისტიკის ინსტიტუტი. 

საქართველოში ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სწავლების ტრადიცია დაკავშირებულია ა. რაზმაძის (1889 - 1929) სახელთან. ამ დარგის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა გ. მანიამ (1918 - 1985).  რ. ჩიტაშვილმა (1942 – 1995)  ღრმა კვალი დააჩნია საქართველოში ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განვითარებას არა მარტო წმინდა მათემატიკური გამოკვლევებით, რომლებმაც მას საერთაშორისო აღიარება მოუპოვა, არამედ გამოყენებითი ხასიათის კვლევებითაც. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: