რელიგიის სოციოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sociology of Religion

სოციოლოგიის დარგი, იკვლევს რელიგიაზე საზოგადოებრივ მოთხოვნილებასა და საზოგადოებაზე რელიგიის ზეგავლენას, რელიგიისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების საკითხებს. იგი ესაზღვრება რელიგიათამცოდნეობას და თეოლოგიას. რ.ს., როგორც დამოუკიდებელი დარგი XIX ს-ის დასასრულსა და XX ს-ის დასაწყისში ყალიბდება. მაქს ვებერი მიჩნეულია რ.ს-ის ფუძემდებლად. შრომებში „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება“ და „მსოფლიო რელიგიების სამეურნეო ეთიკა“ იგი იკვლევდა ეკონომიკურ ცხოვრებაზე და რაციონალობის განვითარებაზე რელიგიური ეთიკის ზეგავლენას. ვებერი მიიჩნევდა, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაზე ზეგავლენას ახდენს არა საკუთრივ ეკონომიკური კანონები, არამედ რელიგიური ეთოსი. ამ მოსაზრებით ვებერი დაუპირისპირდა ისტორიის მატერიალისტურ გაგებას, მარქსიზმს, რომლის თანახმადაც, რელიგია წარმოადგენს ზედნაშენსა და ეკონომიკური ურთიერთობების პროდუქტს. ე. დიურკემი შრომაში „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“ (1912) რელიგიას განიხილავდა, როგორც საზოგადოების ფუნქციონალური ინტეგრაციის უნივერსალურ საშუალებას, რითაც მან საფუძველი ჩაუყარა რელიგიის ფუნქციონალისტურ თეორიას. ახალი მიმართულება რ.ს-ში დაკავშირებულია ფრანგი სოციოლოგის გაბრიელ ლე ბრასის სახელთან. რელიგიის „ახალ“ სოციოლოგიაში საუბარია თეოლოგებსა და სოციოლოგებზე, რომლებიც რელიგიას ქრისტიანობასთან და, თავის მხრივ, ქრისტიანობას ეკლესიასთან აიგივებენ. ამის გამო ამ მიმართულების სოციოლოგები დაკავებულნი არიან მხოლოდ ინსტიტუციონალიზებული ქრისტიანობის, შესაბამისად, ეკლესიის კვლევით. ახალი რელიგიის სოციოლოგიას ეკლესიის სოციოლოგიასაც უწოდებენ. იმისდა მიხედვით, თუ რა მიზანს ისახავს და რა ინტერესებს ემსახურება რელიგიის ახალი სოციოლოგია, საქმე გვაქვს რელიგიის ახალი სოციოლოგიის იდეოლოგიზაციასა ან გაეკლესიურებასთან. ამის გამო საუბრობენ რელიგიის ახალი სოციოლოგიის „მარქსისტულ“ და „ბურჟუაზიულ“ ფორმაზე. რელიგიის ახალი სოციოლოგიის „მარქსისტული“ მიმართულება დარწმუნებულია, რომ სოციოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია რელიგიის დაძლევა; რელიგიის ახალი სოციოლოგიის „ბურჟუაზიულ" მიმართულებას კი იმედი აქვს, რომ რ.ს-ს შეუძლია რელიგიის გადამრჩენის როლი შეასრულოს. უკანასკნელ წლებში მატულობს იმ სოციოლოგთა რიცხვი (მაგ., საფრანგეთში), რომლებიც რელიგიის სოციოლოგიის ეკლესიის სოციოლოგიად ტრანსფორმაციას უარყოფენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ რ.ს. დღეს ევროპაში კრიზისს განიცდის, განსხვავებით ამერიკისაგან, სადაც იგი წარმატებით ვითარდება. ამერიკული რ.ს. აჩვენებს, თუ რა ნაყოფიერი შეიძლება იყოს კლასიკოსების, კერძოდ კი ვებერის თეორიის გამოყენება ამ სფეროში. 1930 წელს ტ. პარსონსმა ინგლისურად თარგმნა მ. ვებერის „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება“. რ.ს-ის საკითხებს იკვლევდა ასევე რ. მერტონი. მერტონმა ყურადღება გაამახვილა ვებერის მიერ „პროტესტანტული ეთიკის“ შენიშვნაში ხსენებულ ფაქტზე, პურიტანიზმსა და მეცნიერებას შორის არსებულ კავშირზე, რასაც შედეგად მოჰყვა მერტონის შრომა „მეცნიერება, ტექნიკა და საზოგადოება XVII ს-ის ინგლისში“. ამ შრომამ ახალი იმპულსი მისცა როგორც მეცნიერების სოციოლოგიას, ასევე რ.ს-ს. რ.ს-ს საუნივერსიტეტო აღიარება მოუპოვეს ისეთი სოციოლოგების შრომებმა, როგორებიც არიან ჯ. მილტონ ინგერი (J. Milton Yinger) და დევიდ ო. მობერგი (David O. Moberg). 60-70-იან წლებში სოციოლოგიაში ძლიერდება ფენომენოლოგიური მიდგომის პოზიციები. ბერგერი და ლუკმანი ჰუსერლის ფილოსოფიაზე დაყრდნობით ცდილობენ საზოგადოება და სოციალური ინსტიტუტები განიხილონ როგორც ადამიანთა ინტერსუბიექტური ცნობიერების პროდუქტი. მათი პოსტულატი მდგომარეობს „სოციალური რეალობების“ პლურალიზმში, სადაც მთავარი ადგილი „ყოველდღიური ცხოვრების რეალობას“ უჭირავს, სწორედ მასზე იგება „სიმბოლური უნივერსუმების“ ანუ რელიგიის, ხელოვნების, რელიგიის ფილოსოფიის სისტემა. ბერგერი და ლუკმანი ფართოდ იყენებენ ცნობიერების ინტენციონალობის პრინციპს, რომელიც საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ რელიგიური რწმენის საგნის ილუზორულობისა თუ რეალურობის საკითხი. ლუკმანი წიგნში „უხილავი რელიგია“ აყალიბებს რელიგიის საკუთარ გაგებას. ის ერთმანეთისაგან განასხვავებს რელიგიურობის საეკლესიო და რელიგიის „არასპეციფიკურ“ საყოველთაო სოციალურ ფორმას. ეს უკანასკნელი არსებობს ადამიანის ბიოლოგიური ბუნების „ტრანსცენდირებისა“ და საზოგადოების მიერ გამომუშავებული მნიშვნელობათა სხვადასხვა სისტემის ათვისების წყალობით. ლუკმანის თანახმად, რელიგიის საფუძველი ადამიანის ანთროპოლგიურ ბუნებაში დევს.

კატეგორია: 
ავტორები: