ნატურალისტური სოციოლოგია

Sociological naturalism

ზოგადად ფილოსოფიური თეორია, რომელიც სინამდვილის ასახსნელად საბუნებისმეტყველო მეცნირების მეთოდებსა და ცნებებს იყენებს. სოციოლოგიაში ნატურალისტური კონცეფციების უმრავლეობისათვის დამახასიათებელია საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერების ვულგარულ-მატერიალისტური და პოზიტივისტური ინტერპრეტაცია, ადამიანის მოღვაწეობის (სქმიანობის) შეგნებული და მიზანმიმართული ხასიათის უარყოფა. ახალი დროიდან მოყოლებული სოციალური მეცნიერებები ევროპაში საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგიის ზეგავლენით ვითარდებოდა XIX-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში სოციალურ მეცნიერებაში არსებობდა ორი მთავარი ნატურალისტური მიმდინარობა - ბიოლოგიზმი და სოციალური მექანიციზმი. ძირითადად გაბატონებული იყო ბიოლოგიზმი, რომელიც სოციალური ორგანიციზმის (სპენსერი, შეფლე, ვორმსი) და სოციალური დარვინიზმის თეორიით იყო წარმოდგენილი (გუმპლოვიჩი, სამნერი და სხვ.). ამ მიმართულების წარმომადგენლები ცდილობდნენ საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების კანონზომიერების ახსნას საზოგადოების ბიოლოგიურ ორგანიზმთან ან კიდვ ბიოლოგიურ ევოლუციასთან ანალოგიის მეშვეობით. მექანიციზმის მიმდევრები (კეტლე, კერი, პარეტო) საზოგადოებრივი მოვლენების ასახსნელად ფიზიკაში დადგენილ კანონებს მიმართავდნენ. XX ს-ის მიჯნაზე ეს კონცეფცია ღრმა კრიზისში შევიდა. თანამედროვე დასავლურ სოციოლოგიაში შესაძლბელია ორი ძირითადი ნაკადის გამოყოფა: მეთოდოლოგიური ნატურალიზმი და ონტოლოგიური ნატურალიზმი. ორივე მიმართულება იზიარებს „მეცნიერების ერთიანობის“ პოზიტივისტურ თეზისს. მეთოდოლოგიური ნატურალიზმის წარმომადგენლები აღიარებენ სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებისათვის საერთო „მეცნიერული მეთოდის“ არსებობას. ონტოლოგიური ნატურალიზმის მომხრეები იცავენ სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შინაარსობრივი და საგნობრივი ერთიანობის იდეას და საზოგადოებრივი კანონზომიერებები ბუნებრივ კანონზომიერებებზე დაჰყავს.

კატეგორია: 
ავტორები: