სოციალ–დარვინიზმი

Social Darwinism

ბიოლოგიური მიმართულების ნაირსახეობა, რომელიც ემყარება დარვინის ბუნებრივი შერჩევის პრინციპებს. მას სოციალურ ცხოვრებაში გადააქვს ბიოლოგიური სამყაროს ევოლუციური განვითარების, ბუნებრივი შერჩევის, არსებობისათვის ბრძოლის კანონები. ს. დ–ის წარმომადგენლები არიან ლ. გუმპლოვიჩი, უ. ლიაპუჟი, ლ. ვოლტმანი და სხვ. ს. დ–ის მთავარი თეზისია საზოგადოებისა და ცოცხალი ორგანიზმების იგივეობა, სრული გაზიარება ჰობსის ფორმულისა, რომ ომი ადამიანთა შორის მათი არსებობის ბუნებრივი წესია. ერთი გარკვეული მემკვიდრეობით გადმოცემული ან შეძენილი უპირატესობის მეოხებით ავიწროებს და თრგუნავს მეორეს, ბატონობს და იმარჯვებს მასზე. ლ. გუმპლოვიჩი ახდენს არსებობისათვის ბრძოლის ბუნებრივი შერჩევისა და სხვა ბიოლოგიური კანონების აბსოლუტიზაციას, ცდილობს საზოგადოებრივი ცხოვრების გაგება სწორედ ამ კანონების მოქმედებაზე დააფუძნოს. ამდენად, სოციალური ყოფიერება დაპირისპირებულ სოციალურ ჯგუფთა დაუნდობელი ბრძოლის არენაა, სუსტი ყოველთვის მარცხდება, ძლიერი ყოველთვის ბატონობს მასზე. ბიოლოგისტური მიმართულების მთავარი შეცდომა სოციალურის ბიოლოგიურზე დაყვანაა, აგრეთვე საზოგადოების სულიერი მხარის უგულებელყოფა. მიუთითებენ ბიოლოგიური მიმართულების სოციოლოგთა დამსახურებაზეც – ისინი საზოგადოების განხილვას ახდენენ მისი სტრუქტურული მთლიანობისა და ფუნქციური მიმართებების თვალსაზრისით და სხვ.

კატეგორია: 
ავტორები: