ანთროპოლოგიის ამ ორი დარგის დამოუკიდებლად არსებობას მხარს უჭერს ინგლისის სოციოლოგიური და ანთროპოლოგიური სკოლა, მაშინ, როდესაც ამერიკაში მათ შორის არესებითი განსხვავება არ არის. ტერმინი „სოციალური ანთროპოლოგია“ გაჩნდა ინგლისში ახალი კათედრის აღსანიშნავად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფრეზერი. იგი დაინტერესებული იყო არა მატერიალური კულტურის, არამედ, პირველ ყოვლისა, ჩვევების, განწყობებისა და სოციალური დანაწესების შესწავლით. ს. ა.–ის საგანი ყველაზე მკვეთრად ადრეულ ფუნქციონალიზმში (ინგლისური ფრთა) გამოიკვეთა რადკლიფ–ბრაუნისა (1881–1955) და მალინოვსკის (1884–1942) მიერ, რომლებმაც თავიანთი კვლევის საგანი განსაზღვრეს როგორც სოციალური ურთიერთობებისა და სოციალური სტრუქტურის შესწავლა. კ.ა. ადამიანს სწავლობს როგორც „მწარმოებელ ადამიანს“ („ჰომო ფაბერ" – ლათ. Homo faber), ან ანგლოსაქსურად – "იარაღის მკეთებელს“ („თუულ მეიქერ“ – ინგლ. Tool-maker). ჩვევები, განწყობები და რწმენა ასეთ შემთხვევაში განიხილება, როგორც ინტელექტუალური ხასიათის „ტექნიკური საშუალებები“, რომლებიც ისევე ემსახურება სოციალურ ცხოვრებას, როგორც სასოფლო–სამეურნეო იარაღები – ვიტალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ს.ა–ს, აქ პირველ პლანზე გამოდის არა „ჰომო ფაბერი“, არამედ სოციალური ჯგუფი კომუნიკაციის უამრავი ფორმით, რომლებიც საფუძვლად უდევს სოციალურ ცხოვრებას. თუ დიურკემის ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, კულტურულ–ანთროპოლოგიური მიდგომა სოციალურ მოვლენებს სწავლობს როგორც ნივთებს, ხოლო სოციალურ–ანთროპოლოგიური მიდგომა, პირიქით, ნივთებს (ნაკეთობებს, იარაღებს, სარიტუალო საგნებს) განიხილავს როგორც სოციალურ მოვლენებს, ანუ იკვლევს მათ სოციალურ საზრისს. კ.ა. ამოდის მატერიალური კულტურის საგნებიდან, რათა მივიდეს იმ „სუპერტექნიკამდე“, რომელიც ვლინდება სოციალურ და პოლიტიკურ მოღვაწეობაში და შესაძლებელს ხდის სოციალურ ცხოვრებას. ს.ა.–ს ამოსავალია სოციალური ცხოვრება, რათა მისგან მივიდეს იმ საგნებამდე, რომლებზეც მან თავის კვალი დატოვა, და იმ საქმიანობამდე, რომლის მეშვეობითაც ის თავის თავს ავლენს. ს.ა–სთვის მატერიალური კულტურის საგანს არა აქვს მხოლოდ უტილიტარული ღირებულება, არამედ ასრულებს ფუნქციას, რომლის გასაგებად აუცილებელია არა მხოლოდ ისტორიული, გეოგრაფიული, მექანიკური ან ფიზიკურ–ქიმიური, არამედ სოციალური ფაქტორების გათვალისწინებაც. ფუნქციათა ერთობლიობა, თავის მხრივ, მოითხოვს ახალ ცნებას, როგორიცაა სტრუქტურა. სოციალური სტრუქტურების შესწავლაა სწორედ სოციალურ–ანთროპოლოგიური კვლევების სფერო. მაშასადამე, როგორც კულტურული, ისე სოციალური ანთროპოლოგია ისწრაფვის, შეიმეცნოს ადამიანი, მაგრამ ერთ შემთხვევაში ამოსავალი წერტილია ადამიანის მიერ წარმოებული ნაკეთობები, ხოლო მეორე შემთხვევაში – მისი წარმოდგენები. „კულტუროლოგიური“ მიმართულება ანთროპოლოგიას აახლოებს გეოგრაფიასა და ისტორიასთან, ხოლო „სოციოლოგიური“ მიმართულება – სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიასთან. ორივე მათგანი მჭიდრო კავშირშია ლინგვისტიკასთან, რამდენადაც ენა არის არა მხოლოდ კულტურული მოვლენა (რაც ადამიანს ცხოვრელისგან განასხვავებს), არამედ მისი მეშვეობით დგინდება და მყარდება სოციალური ცხოვრების ყველა ფორმა.
სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია
Social and Cultural Anthropology
კატეგორია: