სექსუალური კონტრაქტი

Sexual Contract

„სექსუალური კონტრაქტის“ კონცეფცია ეკუთვნის ბრიტანელ ფემინისტ თეორეტიკოსს ქეროლ პეიტმანს, რომელიც ამ ცნების მეშვეობით აკრიტიკებს სოციალური კონტრაქტის კლასიკურ (ჰობსისეულ, ლოკისეულ, რუსოსეულ) თეორიებს და აჩვენებს სოციალური კონტრაქტის სექსუალურ ხასიათს. პეიტმანის მტკიცებით, თავდაპირველი სოციალური კონტრაქტი სექსუალური, პატრიარქალური კონტრაქტია, რომელიც ქალებზე კაცების პოლიტიკური ძალაუფლებისა და ქალების სხეულებზე კაცების წვდომის ლეგიტიმაციას ემსახურება (Pateman 1988). სოციალური კონტრაქტის თეორიები სახელმწიფოს ფიქციურ სათავესთან ათავსებენ თავისუფალ და თანასწორ ინდივიდებს, რომლებიც თანხმდებიან საკუთარი თავისუფლების შეზღუდვაზე სოციალური წესრიგით მიღებული სარგებლის სანაცვლოდ. პეიტმანი ამტკიცებს, რომ ამ თეორიებში წარმოდგენილი ვითომდა გენდერულად ნეიტრალური, აბსტრაქტული ინდივიდები აუცილებლად მამაკაცები არიან; ხოლო რამდენადაც ეს ვითარება დაფარულია, ამ თეორიებში მამაკაცების ქალებზე ძალაუფლება პოლიტიკურ მოვლენად არ არის აღიარებული, შესაბამისად, პოლიტიკურის სფეროს მიღმა თავსდება ქორწინება, სექსუალობა, დედობა, ოჯახში შრომა, სექსუალური ძალადობა (Pateman 1989).

პეიტმანი აჩვენებს, რომ სოციალური კონტრაქტის კლასიკური თეორიები მხოლოდ მამაკაცებს მოიაზრებენ საზოგადოებრივი კონტრაქტის შესაძლო სუბიექტებად; კონტრაქტით დადგენილი სოციალური წესრიგი კი ორ სფეროდაა დაყოფილი: ერთია მასკულინური, სამოქალაქო, საჯარო, პოლიტიკური სფერო, ხოლო მეორეა ფემინური, კერძო, პოლიტიკისგან მოწყვეტილი სფერო; ამ სოციალურ წესრიგში ქალები მამაკაცებისგან განსხვავებულად შედიან - მათი სქესი მათთვის შეუძლებელს ხდის, რომ იგივე პოლიტიკური როლი ჰქონდეთ, რაც მამაკაცებს (Pateman 1989).

პეიტმანი აანალიზებს სხვადასხვა სახის (შრომით, საქორწინო, სექსუალური მომსახურების) კონტრაქტებს და აჩვენებს, რომ ყველა შემთხვევაში კონტრაქტი ემყარება არა თანასწორი მონაწილე მხარეების თავისუფალ თანხობას, არამედ წინასწარ არსებულ ძალაუფლებრივ განსხვავებებს ქალებსა და მამაკაცებს შორის. მისი აზრით, ყველა ეს კონტრაქტი გულისხმობს „მამაკაცის სექსუალურ უფლებას“ - მამაკაცების უფლებას ქალების სხეულებზე, რომელსაც საწყისი სოციალურ-სექსუალური კონტრაქტი აკანონებს. ამრიგად, საწყისი სექსუალური კონტრაქტის მოქმედება მხოლოდ ოჯახური ურთიერთობების კერძო სფეროზე კი არ ვრცელდება, არამედ მთელ სოციალურ სამყაროზე.

სექსუალური კონტრაქტის პეიტმანისეული კონცეფცია ნაყოფიერად გამოიყენება თანამედროვე კვლევებში მოქალაქეობის, დაქირავებული შრომის, პოლიტიკური ინსტიტუტების, სამართალწარმოებისა და ა. შ. გენდერული ასპექტების ანალიზისთვის. პეიტმანის თვალსაზრისის წინააღმდეგ არსებობს მნიშვნელოვანი კრიტიკული შედავებებიც: ზოგიერთი კრიტიკოსი პეიტმანს საყვედურობს დომინაციისა და ჩაგვრის სხვა განზომილებების (რასის, კლასის) მნიშვნელობის დაკნინებას; სხვებს მეტისმეტად გამარტივებულად მიაჩნიათ გენდერული ურთიერთობების მისი გაგება - როგორც დიადური დომინაცია-სუბორდინაციისა ცალკეულ ქალსა და მამაკაცს შორის (Fraser 1997).

 

იხილეთ, აგრეთვე: საზოგადო (საჯარო) და კერძო (პირადი)

*** 

გამოყენებული ლიტერატურა 

 

  • Pilcher, J. and I. Whelehan (2004) Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.
  • Pateman, C. (1988) The Sexual Contract, Cambridge: Polity.
  • Pateman, C. (1989) The Disorder of Women, Cambridge: Polity.

  • Fraser, N. (1997) Justice Interruptus: Critical Reflections on the ‘Postsocialist’ Condition, London: Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: