სელექციური აბორტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Selective Abortion

სელექციურ (ანუ შერჩევით) აბორტს, ზოგადად, უწოდებენ ფეტუსის რომელიმე არასასურველად მიჩნეული ნიშნის გამო ჩატარებულ აბორტს. მაგალითად, როდესაც პრენატალური ტესტირება (გენეტიკური ტესტირება ან ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა) გამოავლენს ფეტუსის ამა თუ იმ თანშობილ დარღვევას, მშობელს ხშირად ეძლევა არჩევანი, აბორტი გაიკეთოს თუ შეზღუდული უნარების მქონე ბავშვი გააჩინოს. ზოგიერთ ქვეყანაში ფეტუსის დეფექტის გამო სელექციური აბორტი დაშვებულია იმ შემთხვევებშიც, როდესაც აკრძალულია ჩვეულებრივი აბორტი. სელექციური აბორტების დასაშვებობა მნიშვნელოვანი სადავო საკითხია შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების უფლებებისათვის ბრძოლის კონტექსტში.

სელექციური აბორტის განსხვავებული, ძალიან გავრცელებული ფორმაა აბორტი ფეტუსის სავარაუდო სქესის მიხედვით. ეს პრაქტიკა ძირითადად მდედრობითი სქესის ფეტუსის აბორტს მოიცავს და გავრცელებულია საზოგადოებებში, სადაც კულტურული ნორმებით ოჯახში უპირატესობა ენიჭება ბიჭის ყოლას გოგონებთან შედარებით. სქესის მიხედვით შერჩევითი აბორტები განსაკუთრებით გავრცელებულია ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით.

სქესის მიხედვით სელექციური აბორტები გავლენას ახდენს მოსახლეობაში სქესთა თანაფარდობაზე. მიიჩნევა, რომ არსებობს განსაზღვრული ბუნებრივი თანაფარდობა - ადამიანებისთვის ასახელებენ 103-დან 107-მდე ახალშობილ მამრს 100 მდედრზე. თუ ქვეყანაში ახალშობილთა სქესობრივი თანაფარდობაა 108 ან მეტი ბიჭი ყოველ 100 გოგონაზე, ითვლება, რომ ქვეყანაში გოგონების სელექციური აბორტების მნიშვნელოვანი პრაქტიკა არსებობს (ხოლო თუ ეს თანაფარდობაა 102-ზე ნაკლები ბიჭი 100 გოგონაზე,  ბიჭების სელექციური აბორტების პრაქტიკასთან გვექნება საქმე).

სქესის მიხედვით სელექციური აბორტების კვლევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ოჯახში შვილების რიგითობა. კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთ საზოგადოებაში, სადაც ჩვეულებრივია ოჯახში ერთზე მეტი შვილის ყოლა, ახალშობილთა სქესის მიხედვით თანაფარდობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რიგითობაზე და ცვალებადობს იმის მიხედვით, თუ ოჯახში მერამდენე შვილს ეხება საქმე. მაგალითად, სომხეთის მონაცემების მიხედვით, სადაც საშუალოდ 115 ბიჭი იბადება ყოველ 100 გოგონაზე, რიგითობის გათვალისწინებით ასეთი სურათია: ოჯახის პირველ შვილებს შორის 138 ბიჭი მოდის 100 გოგონაზე; ოჯახებში, სადაც პირველი შვილი ბიჭია, მეორე შვილებს შორის მხოლოდ 85 ბიჭი იბადება 100 გოგონაზე; ხოლო ოჯახებში, სადაც პირველი შვილი გოგონაა, მეორე შვილებს შორის 156 ბიჭი იბადება 100 გოგონაზე. მეორე მხრივ, ჩინეთის შემთხვევაში, სადაც წლების განმავლობაში „ერთი შვილის პოლიტიკა“ მოქმედებდა (სახელმწიფო მკაცრი ზომებით ცდილობდა, თითოეულ ოჯახში ერთზე მეტი ბავშვი არ გაეჩინათ), მკვეთრად გაიზარდა ახალშობილი ბიჭების გოგონებთან თანაფარდობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაჩნდა ულტრასონოგრაფიის მეშვეობით ფეტუსის სქესის დადგენის ტექნოლოგია (თუმცა ჩინეთის სტატისტიკა არაერთმნიშვნელოვანია, რადგან იმავე პოლიტიკის გამო ბევრი ოჯახი, რომელშიც მეორე ან მეტი ბავშვი ჩნდებოდა, თავს არიდებდა ამ ბავშვების ოფიციალურად რეგისტრირებას).

საზოგადოდ, ულტრასონოგრაფიიული ტექნოლოგიის გაჩენამდე ბიჭის ყოლის კულტურულად განპირობებული პრეფერენცია გამოიხატებოდა ბევრი შვილის გაჩენაში (მანამ, სანამ ოჯახში ვაჟი არ გაჩნდებოდა), ამ ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობამ კი განაპირობა სქესის მიხედვით სელექციური აბორტების გამოყენება სასურველი სქესის ბავშვის (ანუ, როგორც წესი, ბიჭის) ყოლისათვის.

ცნობილ ეკონომისტს, ამარტია სენს ეკუთვნის „გაუჩინარებული ქალების“ სტატისტიკის იდეა, რომლითაც მან პირველად მიაპყრო ყურადღება სქესის მიხედვით სელექციური აბორტების პრობლემას. თანამედროვე კვლევები უფრო ნიუანსირებულად უდგება ახალშობილთა სქესობრივი თანაფარდობის მონაცემებს; მოსალოდნელი თანაფარდობისგან გადახრის გამომწვევი მექანიზმის სხვადასხვა ახსნა არსებობს; თუმცა ამ თეორიული მოდელების უმრავლესობა აღიარებს, რომ ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ოჯახების სოციალურად და კულტურულად განპირობებული პრეფერენცია ბიჭი შვილის სასარგებლოდ.

იხილეთ, აგრეთვე: აბორტი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

ბენდელიანი, ნ. 2012. გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოში საერთაშორისო ინდექსების და რეიტინგების მიხედვით, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

კატეგორია: 
ავტორები: