მოსალოდნელი ქცევა, რომელსაც ინდივიდი ასრულებს კერძო სიტუაციაში და რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ სტატუსთან. მაგ., ექიმის სტატუსთან ასოცირდება სხვადასხვა შესაძლო ქცევა, როგორც ექიმის მიერ შესრულებული რ-ები. რ. სოციალურად კონსტრუირებული ქცევაა. ინდივიდის ცხოვრება საზოგადოებაში არის რ-ების ათვისების (სწავლის) პროცესი. ანალოგია შეიძლება გატარდეს თეატრის რ-ებთან, მაგრამ, თეატრისაგან განსხვავებით, სოციალური რ-ები არ არის გამოგონილი (წარმოსახვითი). პარსონსი ახდენს რ-ების კლასიფიკაციას ხუთი კრიტერიუმის საფუძველზე. რ-ები ერთმანეთისაგან განსხვავდება: 1. ემოციურობის ხარისხის მიხედვით (ზოგი რ. ემოციურ თავშეკავებას გულისხმობს, ზოგი - დაუშვებს გრძნობების გამომჟღავნებას); 2. მიღების წესის მიხედვით (ზოგი რ. ინდივიდს მიეწრება, ზოგი - მოიპოვება პიროვნული ძალისხმევის შედეგად); 3. მასშტაბის მიხედვით (ზოგი რ. შემოსაზღვრულია ერთი ტიპის ურთიერთობებით, ზოგი - ფართო და მრავალასპექტიანია); 4. ფორმალიზაციის მიხედვით (ზოგი რ. დადგენილ წესებს შეესაბამება, ზოგი - არაფორმალურ ურთიერთობებს ეფუძნება); 5. მოტივაციის მიხედვით (ზოგი რ-ის შესრულებას საფუძვლად პირადი სარგებლობის მიღება უდევს, ხოლო ზოგისას - საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა). რ-ები საშუალებას იძლევა, ინდივიდებმა იწინასწარმეტყველონ, თუ როგორ მოიქცევიან სხვები კერძო სიტუაციებში და ჰქონდეთ შესაბამისი რეაქციები. ამრიგად, რ-ების არსებობა საზოგადოებაში უზრუნველყოფს სოციალური წესრიგის განსაზღვრულ ხარისხს.
როლი
Role
კატეგორია: