პროცესი, რომლის მეშვეობითაც თანამედროვე საზოგადოებებში სოციალური პრობლემების გააზრება და გადაჭრა ხდება ლოგიკისა და რაციონალობის საფუძველზე. რ., ვებერის თანახმად, ძირითადი ცნებაა თანამედროვე კაპიტალიზმის ანალიზისათვის. მისი გამოხატულებაა მიზან-რაციონალური მოქმედებების განვითარება, რომლებიც ძირითადი მახასიათებელია მოდერნისტული, ტრადიციული საზოგადოების საპირისპიროდ. რ-ის პროცესი საფუძვლად უდევს დასავლური საზოგადოებების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების ფუნქციონირებას. მისი გავლენა აშკარაა ისეთ სექტორებზეც, როგორიცაა მეცნიერება, განათლება, მუსიკა და რელიგიური ორგანიზაციები. კერძოდ, ეკონომიკის სფეროში რ-ის პროცესის გამოხატულებაა წარმოების ორგანიზება ბიუროკრატიის საფუძველზე და მოგების კალკულაცია სისტემატური საბუღალტრო პროცედურების მეშვეობით; სამართლის სფეროში - უნივერსალური კანონების ჩამოყალიბება და დედუქციური აზროვნების პრაქტიკაზე გადასვლა, თვითნებური, პრეცენდენტული სამართლის საპირისპიროდ, რომელიც დამახასიათებელი იყო ტრადიციული საზოგადოებებისათვის; პოლიტიკის სფეროში - ქარიზმატული და ტრადიციული ბატონობის შეცვლა ლეგალურით; რელიგიის სფეროში - მაგიისა და რელიგიური საიდუმლოებების ჩანაცვლება პირადი პასუხისმგებლობითა და ა.შ. ზოგი სოციოლოგი ამტკიცებს, რომ რ-ის მნიშვნელობა გადაჭარბებულია და რომ თანამედროვე საზოგადოებებს ასევე ახასიათებს ირაციონალობა და აფექტურობა.
რაციონალიზაცია
Rationalization
კატეგორია: