სოციალური ობიექტების თვისებებისა და მიმართებების გამოვლენისა და წარმოდგენის პროცედურა რაოდენობრივი ფრომით. იგი გამოიყენება როგორც სოციოლოგიის ყველა სახის რაოდენობრივი (გაზომვის, ანალიზისა და მოდელირების, შერჩევის, სტატისტიკური ჰიპოტეზების შემოწმების, ლოგიკური, სტრუქტურული, ლინგვოსემიოტიკური) მეთოდის მოხმარების წინამძღვარი. კ. არის სოციოლოგიური გამოკვლევის ფორმალიზაციის მეთოდების სახესხვაობა, დაკვირვებების მნიშვნელობათა ციფრულ მონაცემებად გარდაქმნა ანალიზისა და შედარებისათვის. ტერმინი კ. მჭიდროდ უკავშირდება ცნებებს – „თვისება“ და „რაოდენობა“, რაც გარკვეულ ერთიანობას შეადგენს და ერთმანეთს განაპირობებს, რამდენადაც ობიექტის ყოველი თვისება შეიძლება განისაზღვროს რაოდენობრივად და ობიექტიც, თავის მხრივ, არსებობს რაღაც თვისებრიობის ფორმით. მოვლენის წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეგვიძლია დავახასიათოთ მათემატიკური საშუალებებით თვისების რაოდენობრივი განსაზღვრულობა. ეს ხორციელდება მოდელირების მოცემული სფეროს ნიშანთა სიმრავლით, რომელიც გარკვეულ პირობებში სკალას წარმოადგენს. გაზომვა ყოველთვის წარმოადგენს კ–ს, მაგრამ ისინი სრულად იდენტურნი არ არიან. კ. გაზომვაზე უფრო ფართოა. კვანტიფიცირების პრობლემა ყოველთვის უკავშირდება საგანთა რაოდენობას. რამდენადაც რაოდენობა ყოველთვის გაზომვადია და რიცხვითი მნიშვნელობებით გამოისახება, ამდენად, კ–ის ცნებას ხმარობენ გაზომვის სიზუსტისა და რიცხვების რაციონალური გამოყენების ასპექტით (ანუ ალგებრული აზრით).
კვანტიფიკაცია
Quantification
კატეგორია: