საზოგადოებრივი სტრატეგიების მიზანია ადგილობრივ თემს მისცეს შესაძლებლობა ერთიანად წარმოადგინოს საკუთარი სურვილები, საჭიროებები და პრიორიტეტები; მოახდინოს საზოგადოებრივი, კერძო და არასამთავრობო სექტორების ქმედებების კოორდინირება; უზრუნველყოს არსებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესაბამისობა მოსახლეობის საჭიროებებთან; წვლილი შეიტანოს მდგრად განვითარებაში. საზოგადოებრივი სტრატეგია წარმოადგენს საზოგადოების ჩართულობის კონცეფციის ნაწილს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება რეფორმირებული დაგეგმვის სისტემაში, რადგან ის აკავშირებს საზოგადოებრივ სტრატეგიას „ადგილობრივი განვითარების დოკუმენტაციის“ ახალ სისტემასთან. ამ კონცეფციის მიზანია უფრო მეტი პასუხისმგებლობა გადაუნაწილოს ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს ამ თემის განვითარების გეგმის შემუშავების საქმეში. ეს ადრინდელისგან სრულიად განსხვავებული მიდგომაა: ადრე, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ექსკლუზიურად ამუშავებდნენ და ახორციელებდნენ გეგმებს, ფაქტობრივად, მოსახლეობის რაიმე სახის მონაწილეობის გარეშე; ახალი მიდგომა ხელს შეუწყობს მოსახლეობის მხრიდან ამ დოკუმენტზე საკუთრების უფლების გრძნობის გამყარებასა და დაეხმარება მათ უკეთ გაიაზრონ ამ დოკუმენტებით განსაზღვრული განვითარების ძირითადი მიმართულებები. თუმცა, არსებობს გარკვეული სირთულეები საზოგადოებრივი სტრატეგიის განვითარების გეგმასთან შეთავსების თვალსაზრისით, ამ უკანასკნელის სივრცითი ასპექტების გათვალისწინებით.
ისტორია
საზოგადოებრივი სტრატეგიები შეერთებულ შტატებში პირველად გამოჩნდა აქტში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ (2000), რომელმაც დაავალდებულა ქალაქის საკრებულოები მოემზადებინათ სტრატეგიები ტერიტორიების გაუმჯობესებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის. სახელმძღვანელოში საზოგადოებრივი სტრატეგიების შესახებ (DETR, 2000 p. 2) განსაზღვრული იყო, რომ ამ დოკუმენტმა „უნდა აამაღლოს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი და ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას“.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press