საჯარო პოლიტიკის კეთება/წარმოება მოიცავს ყველა იმ გადაწყვეტილებების ერთობლიობას, რომლის საფუძველზეც მთავრობა წყვეტს, როგორ მოახდინოს რეაგირება ამა თუ იმ საზოგადოებრივ პრობლემაზე ან რეაგირების გარეშე დატოვოს პრობლემა. იმ მექანიზმის ასახსნელად, რომელიც, ერთი მხრივ, მოქმედებს პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებაზე, მეორე მხრივ კი, რეაგირებს პოლიტიკის გადაწყვეტილებების შეფერხებასა და იგნორირებაზე, როგორც წესი, აუცილებელი ხდება ორი, საკმაოდ ადრეული და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფი თეორიის მიმოხილვა. პირველი მათგანი არის თეორია, რომელსაც ვიცნობთ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების მიდგომის სახელით და ასოცირებულია ჰაროლდ ლასუელის (Harold Lasswell) საკმაოდ ცნობილ ნაშრომთან - პოლიტიკის მეცნიერების მომავალი (1963). მასში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაყოფილია 7 ეტაპად: 1. დაზვერვის ეტაპი, რომელშიც იგულისხმება საინფორმაციო ნაკადების შეგროვება და ანალიზი; 2. წინ წაწევისა და რეკომენდირების ეტაპი მოიცავს აქტივობებს, რომლებიც ზემოქმედებენ და უზრუნველყოფენ კურსის სავარუდო შედეგების მიღწევას; 3. წინასწარ გაწერის ეტაპზე ხორციელდება ნორმების არტიკულირება; 4. შეთავაზებისა და შუამდგომლობის ეტაპზე ხდება წინასწარ გაწერილ და კონკრეტულ პირობათა შორის თავსებადობის უზრუნველყოფა; 5. განხორციელების ეტაპი, რომელშიც წინასწარ გაწერილი პოლიტიკის აღსრულება ხორციელდება; 6. შეფასების ეტაპი, რომელშიც მოსალოდნელი შედეგების საფუძველზე ხორციელდება მიღებული ეფექტების გაზომვა; 7. შეწყვეტის ეტაპი, რომელიც ასრულებს პროცესს და ადგენს, რომ წინასწარ გაწერილი გეგმა შესრულებულია.
გადაწყვეტილების მიღების აღნიშნული მიდგომა გააკრიტიკა ჩარლზ ლინდბლომმა (Charles E. Lindblom), რომელმაც საჯარო ადმინისტრირების პერიოდულ გამოცემაში (1959) შემოგვთავაზა გადაწყვეტილების მიღების ინკრიმენტალური თეორია, რომელიც უფრო მეტად ცნობილია სახელწოდებით „ზერელედ (ასე თუ ისე) საქმის კეთების მეცნიერება“ (Theory of Muddling Though). ლინდბლომს, იელის უნივერსიტეტის პოლიტიკურ ეკონომისტს, გადაწყვეტილებების მიღების რაციონალური მოდელის რეალისტურობაში ეჭვი ეპარებოდა და აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ პრაქტიკაში საჯარო პოლიტიკის კეთების პროცესი გაცილებით უფრო რთული იყო, ასევე ნაკლებად შეიძლებოდა მისი ისეთი მწყობრი სისტემის სახით გაწერა, რასაც რაციონალური გადაწყვეტილების მიღების თეორია ითვალისწინებდა. ლინდბლომის აზრით, შეზღუდული ინკრიმენტალიზმი (disjointed incrementalism) როგორც პოლიტიკის კურსი გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ რეალისტურ შესაძლებლობაა, რადგან ინკრიმენტალიზმი საჯარო პოლიტიკის ანალიზის დროს აქცენტს აკეთებს სპეციფიკურ პრობლემებზე, კარგად ნაცნობ გამოცდილებებსა და მონაცემებზე და ამ გზით პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ალტერნატივების, ისევე როგორც თავად გასაანალიზებელი ფაქტორების, რაოდენობაც მნიშვნელოვნად მცირდება. რაციონალური მოდელი შეიცავს უმნიშვნელოვანეს პოტენციალს, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ პოლიტიკის სპეციფიკურ პრობლემებზე ფოკუსის განსახორციელებლად, თავად საზოგადოებრივ პრობლემათა გადაწყვეტის მიზნით კი ინკრიმენტალური მოდელის გამოყენება შეუცვლელია, - ასეთია ინკრიმენტალიზმის მომხრეთა პოზიცია.
თეოდორ ლოვის (Theodore J. lowi), გამოჩენილი მკვლევრის აზრით კი, ამა თუ იმ მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია სხვადასხვა ტიპის პოლიტიკის კურსებზე. აღნიშნული ავტორი საკმაოდ ფართოდ ცნობილ სტატიაში „ამერიკული ბიზნესი, საჯარო პოლიტიკა, შემთხვევების ანალიზი და პოლიტიკური თეორია“, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის (World Politics) პერიოდულ გამოცემაში 1964 წელს დაიბეჭდა, ამტკიცებდა, რომ პოლიტიკის შინაარსი უნდა იყოს დამოუკიდებელი ცვლადი და შესაძლებელია გვხვდებოდეს საჯარო პოლიტიკის 3 ძირითადი კატეგორიის სახით: გამანაწილებელი (დისტრიბუციული), მარეგულირებელი და გადამანაწილებელი (რედისტრიბუციული) საჯარო პოლიტიკის კურსების სახით. „თითოეული მათგანი ხასიათდება და გამოირჩევა საკუთარი სპეციფიკით, პოლიტიკური სტრუქტურით და ელიტებსა და დაინტერესებულ ჯგუფებს შორის განსხვავებული ურთიერთობებით“. შესაბამისად, დასკვნის სახით, შესაძლებელია აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ საჯარო პოლიტიკის კეთების პროცესთან როდია დაკავშირებული ყველა საჯარო პოლიტიკის კურსების წარმოება და ამ პროცესზე შესაძლებელია ზეგავლენა საჯარო პოლიტიკის წარმოების პროცესის მიღმა არსებულ ფაქტორებსაც ჰქონდეს. სიტუაცია ხშირად საპირისპიროც კია - არსებობს პოლიტიკის პროცესი, რომელშიც იწარმოება პოლიტიკის სხვადასხვა კურსი და გამოიყენება კონკრეტულ დროსა და გარემოში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.