საჯარო პოლიტიკის კატეგორიებში მოაზრება პოლიტიკის კურსები, რომლებიც სხვადასხვა პრინციპის საფუძველზეა იდენტიფიცირებული. შესაბამისად, საჯარო პოლიტიკაში არაერთი ასეთი კატეგორია შეიძლება შეგვხვდეს. ასე მაგალითად, არსებობს საერთოსახელმწიფოებრივი, სახელმწიფოებრივი და ლოკალური (ფედერალური) საჯარო პოლიტიკა (შეერთებული შტატების). ტრადიციულად, საჯარო პოლიტიკის კურსებს ყოფენ დარგების მიხედვით: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, გარემოს დაცვითი საქმიანობა, სამედიცინო დახმარება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სამართალდაცვითი საქმიანობა, საყოველთაო კეთილდღეობა, განათლება, ტრანსპორტი. ასხვავებენ საშინაო და საგარეო პოლიტიკის კურსებს. საჯარო პოლიტიკის ტიპოლოგია ქვემოთ მოცემული კატეგორიების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება: საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების მიხედვით - საყოველთაო კეთილდღეობის პოლიტიკა, პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში; დროის მიხედვით – მეორე მსოფლიო ომის შემდეგომი, ეიზენჰაუერის კურსი და ა.შ; ინსტიტუციონალური მიდგომის მიხედვით: საკანონმდებლო, სასამართლო, დარგობრივი; პროცესუალური ასპექტის მიხედვით - მიმდინარე და პროცედურული.
საზოგადოებრივი დოვლათის და კეთილდღეობათა განაწილების კუთხით გამოყოფენ - გამანაწილებელ, გადამანაწილებელ, მარეგულირებელ პოლიტიკის კურსებს.
გამანაწილებელ (Distributive Policy) პოლიტიკაში იგულისხმება – მომსახურეობისა და შემოსავლების თანაბარი განაწილება მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტებს შორის. მაგალითად, უფასო სასკოლო განათლების უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელება, რომელიც, პირველ რიგში, სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის კატეგორიისთვის არის გათვალისწინებული. გამანაწილებელი პოლიტიკა, თავისი არსით, ყველაზე ეთიკურია, რადგან მისი განხორციელების შემთხვევაში საზოგადოების ყველა სეგმენტი მოგებული რჩება, გადასახადებიდან შემოსული თანხები კი, ძირითადად, სოციალურ პროგრამების უზრუნველყოფას ხმარდება. აღნიშნული პოლიტიკა დამახასიათებელია სოციალ-დემოკრატიული მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვის (დანია, ჰოლანდია, შვედეთი და ა.შ.).
გადამანაწილებელი (Redistributive Policy) – გადამანაწილებელი პოლიტიკა გულისხმობს მთავრობის მხრიდან ამა თუ იმ სოციალური ჯგუფისთვის მხარდაჭერის გადახედვას. მსგავსი პოლიტიკა, როგორც წესი, მკვეთრი სოციალური ცვლილებების განხორციელების შემდეგ მიიღება. მაგალითად, რევოლუციების შედეგად სოციალური და ქონებრივი კაპიტალის ხელახალი გადანაწილება ჩვეული მომენტია. მას საფუძვლად უდევს სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის პრინციპი. გადამანაწილებელი პოლიტიკის კარგი ილუსტრაციაა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც მიმართულია არსებული სოციალური მდგომარეობის გამოსწორებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის შემცირებისკენ.
მარეგულირებელი (Regulatory Policy) პოლიტიკა მოიცავს რაღაც შეზღუდვების ან დამატებითი შესაძლებლობების დაწესებას საზოგადოების გარკვეულ სეგმენტებზე. ეს ზღუდავს, ან პირიქით, ზრდის ამ კატეგორიის ადმიანებისა და სოციალური ჯგუფების მოქმედების თავისუფლებას. სწორედ ესაა გამანაწილებელ პოლიტიკისგან მისი სხვაობაც, რადგან ეს უკანასკნელი მხოლოდ თავისუფლებათა ზრდისკენ არის მიმართული. მაგალითად, მარეგულირებელი პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ხორციელდება იარაღის ტარებაზე კონტროლის დაწესების გზით. მარეგულირებელი პოლიტიკის განხორციელების მექანიზმის სახით აქ მაკონტროლებელი ინსტიტუტები გამოდიან. სალიცენზიო სისტემაც სწორედ ამ მექანიზმის შემადგენელი ნაწილია. მარეგულირებელი პოლიტიკის განხორციელებას ყოველთვის თან ახლავს საზოგადოების “მოგებულ” და “წაგებულ” ნაწილად დაყოფის მტკივნეული პროცესი. ამ პოლიტიკის განხორციელების საფუძვლად, ჩვეულებრივ, სამართლებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი ცხადდება.
იმის მიხედვით, თუ რამდენად ზრდის ან ზღუდავს რეგულაცია ადამიანთა და პოლიტიკის აქტორთა შესაძლებლობებს, გამოიყოფა რეგულაციის ორი მოდელი – პროტექცინისტული, იგივე პოზიტიური რეგულაცია და კონკურენციაზე ორიენტირებული, იგივე ნეგატიური რეგულაცია.
- პროტექციონისტური რეგულაცია - პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ზოგადად საზოგადოების, ან საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის დაცვაზე. ასე მაგალითად, ჰაერის დაბინძურების რეგულირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად.
- კონკურენციაზე ორიენტირებული რეგულაცია – პოლიტიკა, რომელიც ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს ან ორგანიზაციას უზღუდავს საზოგადოებრივი სიკეთეებით/დოვლათით სარგებლობის ან ბაზარზე მონაწილების შესაძლებლობას.
თვითრეგულირებადი (Self-Regulatory Policies) – თვითრეგულირებად პოლიტიკას, მარეგულირებელ პოლიტიკასთან ბევრი საერთო აქვს. ისიც, მარეგულირებელი პოლიტიკის მსგავსად, შეზღუდვასა და კონტროლისკენაა მიმართული. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ თვითრეგულირებადი პოლიტიკა საკუთარი წევრებისა და გარემოცვის ინტერესების დაცვის მიზნით ტარდება.
გამოიყოფა, მატერიალური და სიმბოლური პოლიტიკა, ასევე პოლიტიკა, რომელიც მიმართულია კოლექტიური ან კერძო კეთილდღეობების დაცვის უზრუნველყოფისკენ.
ჩარლზ ლინდბლომის აზრით, სახელმწიფო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესი კითხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ბუნებას უკავშირდება. ცენტრალური კითხვა კი ეხება ხელისუფლების საკითხს, კერძოდ კი, იმის გარკვევას, ვინ და რამდენად რჩება მოგებული ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგეგად. კითხვა, რომელსაც ლასუელი გადამწყვეტს უწოდებს, ასე ჟღერს – ვინ, რას, როდის და როგორ იღებს? (Who Gets, What, When and How?)
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.