ელემენტები,რომლებიც ქმნიან პრობლემას: საწყისი მდგომარეობა ანუ არასრული ინფორმაცია ან პიროვნებისათვის არადამაკმაყოფილებელი პირობები; მიზანი ანუ ინფორმაცია ან მდგომარეობა, რომელსაც ესწრაფვის ადამიანი; ოპერაციების ერთობლიობა ანუ პიროვნების მიერ საწყისი მდგომარეობიდან სასურველ მიზნამდე მისაღწევად გავლილი საფეხურები.
ჩვეულებრივ, ადამიანები ვაცნობიერებთ განსხვავებას არსებულ მდგომარეობასა და სასურველ მიზანს შორის. მაგალითად,მატერიალურ გაჭირვებასგან იცდით და ფულის შოვნა გსურთ და იცით, რა შეგიძლიათ (ან გინდათ) გააკეთოთ პრობლემის დასაძლევად. მაგალითად, შეეცდებით შეთავსებით რაიმე სამსახურის შოვნას და არ დაიწყებთ ჯიბის ქურდობას. პრობლემის ფორმალური განსაზღვრა ამ ელემენტს მოიცავს. პრობლემა განისაზღვრება: (1) თავდაპირველი მდგომარეობით: არასრულ ინფორმაცია ან არადამაკმაყოფილებელი პირობები; (2) მიზნით: ინფორმაცია ან პირობები თქვენთვის სასურველი გარემოს შესახებ; (3)ოპერაციათა თანმიმდევრობით: ის სავარაუდო საფეხურები, რომლებსაც გაივლით მოცემული მდგომარეობებიდან სასურველი მიზნის მისაღწევად.
ამ სამი ელემენტის ერთობლიობით განისაზღვრება პრობლემური სიტუაცია. ილუსტრაციის მიზნით, პრობლემის გადაწყვეტა შეგვიძლია შევადაროთ ლაბირინთში გზის პოვნას (პრობლემური სიტუაცია), რომელიც საწყისი წერტილიდან (თავდაპირველი მდგომარეობა) სასურველ წერტილამდე გადაადგილებას (მიზანი) გულისხმობს. ამ დროს გიხდებათ დასაშვები ოპერაციების განხორციელება.
პრობლემების გადაჭრისას საწყისი სიძნელეების უმრავლესობა იმშემთხვევაში ჩნდება, თუ ამ სამი ელემენტიდან რომელიმე არარის საკმარისად განსაზღვრული. კარგად განსაზღვრული პრობლემა სახელმძღვანელოში მოცემულ პრობლემას ჰგავს, რომელშიც გარკვევითაა წარმოდგენილი საწყისი მდგომარეობა, მიზანი და ოპერაციები, რომელიც მიზნის მისაღწევადაა საჭირო. თქვენი ამოცანაა, მიხვდეთ, თუ როგორ გამოიყენოთ ოპერაციები პასუხის მისაღებად. ცუდად განსაზღვრული პრობლემა კი სახლის დიზაინის შექმნას, რომ „ანის“ დაწერას ან შიდსის მკურნალობის მეთოდის აღმოჩენას ჰგავს, სადაც ნათლად არ არის გამოყოფილი საწყისი მდგომარეობა, მიზანი და ოპერაციები. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭიროა პრობლემის არსის ზუსტი განსაზღვრა — მისი საწყისი მდგომარეობის, იდეალური გადაწყვეტის და მიზნის მიღწევის შესაძლო საშუალებების დადგენა.
როგორც გამოცდილებიდან გეცოდინებათ, მაშინაც კი, როცა საწყისი მდგომარეობა და საბოლოო მიზანი კარგად არის განსაზღვრული, მაინც ძნელია სწორი ოპერაციების (მოქმედებების) მოძებნა მიზნის მისაღწევად. თუ გამოცდილებიდან გაიხსენებთ მათემატიკის გაკვეთილს, დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც ასეა. მაგალითად, მასწავლებელმა მოგცათ ფორმულა x2+x-12=0 და გთხოვათ, განსაზღვროთ x-ის მნიშვნელობა. რას აკეთებთ ამისათვის? ამ ალგებრული ამოცანის გადასაწყვეტად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ალგორითმი ანუ თანმიმდევრული, საფეხურეობრივი პროცედურა, რომელიც ყოველთვის გვაძლევს სწორ პასუხს (კონკრეტული ტიპის პრობლემების გადასაჭრელად). თუ ალგებრულ წესებს სწორად გამოიყენებთ, აუცილებლად მიიღებთ x-ის სწორ მნიშვნელობას (ე.ი. 3 და -4).
როცა ალგორითმის გამოყენება შეუძლებელია, ადამიანები ხშირად იყენებენ ევრისტიკულ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობასა და გამოცდილებას ეფუძნება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.