პრივილეგიის ფემინისტური ცნება აღნიშნავს იმ დაუმსახურებელ უპირატესობათა წყებას, რომლითაც კონკრეტული ჯგუფები სისტემატურად სარგებლობენ და რომელიც კულტურით არის უზრუნველყოფილი. მაგალითად, პრივილეგია დომინანტურ სოციალურ ჯგუფებს ეხმარება სხვადასხვა სოციალური ბარიერისთვის თავის არიდებაში, მაშინ, როდესაც მარგინალიზებულ ჯგუფებს ეს ბარიერები აფერხებს. პრივილეგიის ცნების ფემინისტური გამოყენება მისი ტრადიციული სამართლებრივი და ფილოსოფიური გაგებისგან განსხვავდება.
ჩაგრულ სოციალურ ჯგუფებს დომინანტური სოციალური ჯგუფებისთვის უპირობოდ არსებული პრივილეგიებისათვის ბრძოლა და მათი მოპოვება უწევთ. მაგალითად, არჩევითი მმართველობის პირობებში ხმის მიცემის უფლება ავტომატურად მიენიჭათ თეთრკანიან, საკუთრების მფლობელ კაცებს, თეთრკანიან ქალებს, შავკანიანებსა და ემიგრანტებს კი მისთვის ბრძოლა მოუხდათ. უფრო ნაკლებად აშკარა და არასამართლებრივი პრივილეგიის მაგალითებია კაცების პრივილეგია, არ იყვნენ სექსუალური ძალადობის რისკის წინაშე, ან არ ეშინოდეთ იმის, რომ მათ მოსაზრებას სერიოზულად არ მიიღებენ. თეთრკანიანები სარგებლობენ თეთრკანიანთა პრივილეგიით, რაც საჯარო და კერძო ინსტიტუტების თუ ინდივიდების მხრიდან მათ მიმართ ავტომატურ ნდობას და კეთილგანწყობას განაპირობებს.
თუმცა პრივილეგია აბსოლუტური ცნება არ არის და მრავალ სოციალურ ფაქტორთან არის შეჭიდული, როგორებიცაა, მაგალითად, სოციალური კლასი, უნარები, ასაკი და სხვა მრავალი. მუშათა კლასის თეთრკანიან წარმომადგენელს, შეიძლება, უფრო გაუჭირდეს გარშემომყოფთა კეთილგანწყობის მოპოვება, ვიდრე საშუალო კლასის წარმომადგენელს.
ფემინისტი თეორეტიკოსები ხაზს უსვამენ პრივილეგიის ფუნქციონირების იმ თავისებურებას, რომ პრივილეგია უხილავია - სამყარო ისეა მოწყობილი, რომ არსებული პრივილეგიები შეუმჩნეველი დარჩეს მათთვის, ვინც პრივილეგირებულია. პრივილეგიის უხილაობა უზრუნველყოფს იმას, რომ პრივილეგიით განპირობებული მიღწევები უფრო ინდივიდუალურ დამსახურებად აღიქმება, ვიდრე ჯგუფთან მიკუთვნებულობით განპირობებულად.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege, 2000.