პოსტმოდერნისტული სოციოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Postmodern Sociology

სოციალურ-ფილოსოფიური და სოციოლოგიური თეორიის ერთ-ერთი ვერსიის ზოგადი სახელწოდება (ბოდრიარი, ბაუმანი, მაფესოლი და სხვები). პ. ს-ური თეორიის ფორმირება მნიშვნელოვანწილად განაპირობა პოსტმოდერნისტი ფილოსოფოსების - ლიოტარის, დერიდას, ჯეიმისონისა და სხვათა შრომებმა. პ. ს. ყურადღებას ამახვილებს ეპისტემოლოგიის და მოდერნის ეპოქის ონტოლოგიის ამოწურვაზე და გვთავაზობს სოციოლოგიის რადიკალურ ინტერპრეტაციას. პ. ს-ის საფუძვლები ვლინდება: 1. პოსტსტრუქტურალიზმის ცნებობრივი აპარატის გამოყენებასა და მისთვის მარგინალური სოციალური პრობლემატიკის წინ წამოწევაში, რაც საბოლოო ჯამში სოციოლოგიის ემპირისტულ-ოპერაციონალისტური ხასიათის ხარჯზე თვით პოსტსტრუქტურალიზმის არსებით მოდიფიკაციასა და განვიტარებას იწვევს; 2. „ცოდნის“, „ყოველდღიურობის“, „კულტურისა“ და ა.შ. სოციოლოგიური კატეგორიების პრობლემატიზაციაში, რაც, ერთი მხრივ, ვლინდება "სოციალურზე" ამ კატეგორიების ექსტრაპოლაციაში, ხოლო, მეორე მხრივ, სოციოლოგიის, როგორც გარკვეული ყოველდღიური, ცოდნითი და კულტურულ-პოლიტიკური პრაქტიკის ეწვქვეშ დაყენებაში; 3. თანამედროვე საზოგადოებების „პოსტთანამედროვე“, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებებად ტრანსფორმაციაში. რიგი მოაზროვნეები ( მაგ., ი. ჰაბერმასი, ე. გიდენსი) ერთმანეთისაგან განასხვავებენ „პოსტმოდერნის სოციოლოგიასა“ და „პოსტმოდერნისტულ სოციალოგიას“. გიდენსმა და ჰაბერმასმა შეინარჩუნეს რაციონალიზმის პოზიცია, ისინი ხაზს უსვამენ მოდერნისტული პროექტის (ეპოქის) მემკვიდრეობითობას და დაუსრულებლობას, მიუთითებენ "ორგანიზებული მოდელის დაშლასა" და "რეფლექსურ თანამედროვეობაზე", ყურადღებას ამახვილებენ "პოსტტრადიციულ წესრიგზე“, მაგრამ არ იზიარებენ პოსტმოდერნიზმის ფილოსოფიას. პ. ს-ის თავდაპირველი ამოცანა მოდერნის კრიზისის, სიმპტომების დადგენაში, სოციოლოგიური დისკუსიის დეკონსტრუქციასა და სოციოლოგიის კონცეპტუალური აპარატის ტოტალურ რევიზიაში მდგომარეობდა. ამას შედეგად მოჰყვა საზოგადოების ცნებაზე უარის თქმა. საზოგადოება პოსტმოდერნისტი სოციოლოგების მიერ გაგებულია როგორც ტექსტი. რ. ჰ. ბრაუნის თანახმად, საზოგადოება არის ტექსტი, მაგრამ სტრუქტურალისტური მიდგომისაგან (მაგ., ლევისტროსი) განსხვავებით, ეს ტექსტი არ არის ერთიანი და არ დაიყვანება გენეტიკურად ადამიანის გონში ფიქსირებულ სტრუქტურაზე. საზოგადოება, როგორც არარედუცირებადი ტექსტი, განსხვავებული ტექსტების სიმრავლეა. აქედან გამომდინარე, სოციალური მეცნიერების ამოცანაა ჰერმენევტიკული გაგებისა და სტრუქტურის სემიოტკური ანალიზის მეშვეობით ტექსტის (საზოგადოება როგორც ტექსტი) წაკითხვა და მოდერნული სოციოლოგიური თეორიის (დიდი ნარატივების) დეკონსტრუქცია. პ. ს. ყურადღებას ამახვილებს ყველა სახის გაგების მეტაფორულ და რიტორიკულ ხასიათზე. პ. ს. გვთავაზობს სოცილურის ლოგიკურ გაგებას. მას სურს დაძლიოს ბინარული ოპოზიციები (შემეცნების სუბიექტისა და ობიექტის დაპირისპირება, სოციალური სტრუქტურის ცენტრად და პერიფერიად დაყოფა). პოსტკოლონიალურ კვლევებში არის მცდელობა „ქალურისა“ და "მამაკაცურის“ დაპირისპირების მოხსნისა. ყურადღება გამახვილებულია ცნობიერების ინტერტექსტუალობაზე და პიროვნება გაგებულია როგორც „თვითთხრობა“, „ღია იდენტობა“. პ. ს. განსაკუთრებით უპირისპირდება „დიდ ნარატივებს“ სოციოლოგიაში (სტრუქტურულ-ფუნქციონალურ ანალიზსა და „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვის პრაქტიკას). ეს დაპირისპირება და კრიტიკა ხშირად ეპატაჟური ხასიათისაა. პოსტმოდერნამდელი სოციოლოგია პ. ს-ის მიერ გაგებულია როგორც მოდერნის პროექტი, რომელიც „სოციალური წესრიგისა და ანომიის“ ბინარულ ოპოზიციას ემყარება, საიდანაც გამომდინარეობს მისი ძირითადი თეზისები: 1. პროექტულობა. პ. ს-ის თანახმად, მოდერნისტული სოციოლოგია სოციალურ წესრიგს იდეალად სახავდა და მის მიღწევას საკუთარ მიზნად მიიჩნევდა. აქედან გამომდინარე, ანომია განიხილებოდა სოციალური რეალობის ამოსავალ ნიშნად, ერთგვარ ქაოსად, რომელიც საჭიროებს წესრიგს. რადიკალურ ვერსიებში მოდერნისტული სოციოლოგიის პროექტულობა, პ. ს-ის წარმომადგენლების აზრით, სოციალური უტოპიზმის სახეს იღებდა (მაგ., ტექნოკრატიზმი, კომუნიზმი). ამას გარდა, მოდერნისტული სოციოლოგიის „პროექტული განწყობა“ ემყარებოდა დროის ლინეარულობის გაგებას, რომელიც თავდაპირველად წარმოდგენილი იყო სოციალური პროგრესის სახით, რომელიც შემდგომში გააზრებულ იქნა როგორც მოდერნიზაცია. 2. პრობლემატური დამოკიდებულება ფილოსოფიასთან. მოდერნის ეპოქაში, პ. ს.-ის წარმოადგენლების აზრით, სპეკულატური ფილოსოფიის საფუძვლების რღვევა სამი მიმართულებით განხორციელდა: პირველ რიგში მოხდა ფილოსოფიის სოცილაური საფუძვლების აღმოჩენა, რაც აისახა ცოდნის სოციოლოგიის მომიჯნავე პრობლემატკის წინ წამოწევაში. მეორე მხრივ, შემოთავაზებულ იქნა რადიკალურად ახალი მეთოდი. მესამე: ჩამოყალიბდა წარმოდგენა ოპერაციონალურ („რეალურ“) ობიექტზე. შესაბამისად, მოდერნის მიერ სოციოლოგია გაიგებდა როგორც „ფილოსოფიის მიწესრიგების“ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა პოზიტიური (კონტი), კალკულირებადი (კეტლე) ან კიდევ „ქმედითი“ (მარქსი) ცოდნის ფორმირებას. 3. პრობლემატური დამოკიდებულება ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან. მოდერნისტული სოციოლოგიის თანახმად, სოციოლოგია განეკუთვნებოდა ადამიანის შესახებ მეცნიერებათა სფეროს, იმავდროულად იგი ემიჯნებოდა საკუთრივ ინდივიდუალურის შესწავლას და ინდივიდუალურს (ინდივიდს) სოციალურით (ზოგადით) განპირობებულად მიიჩნევდა. პ. ს-ის თანახმად, სოციოლოგია იქცა „სოციალური ბუნების სარკედ.“ სოციოლოგიის პროექტში ჩადებული განწყობები მოდერნის ეპოქის საზოგადოების სრული ეკვივალენტი აღმოჩნდა, რის გამოც სოციოლოგიამ დაკარგა საკუთრივ „სოციოლოგიური სივრცე“. ზ. ბაუმანის თანახმად, მოდერნის ეპოქის სოციალური რეალობა (ანუ მოდერნისტულ სოციოლოგიაში აღწერილი სოციალური რეალობა) გამოდიოდა ადმინისტრირების ობიექტის (იარაღის) როლში. ბაუმანის აზრით, მოდერნის ეპოქის სოციალური რეალობა - ეს იყო „გენერალური დირქტორის მაგიდიდან დანახული სამყარო“. ასეთ სამყაროში დასახული მიზნების რეალიზაცია გულისხმობდა მათ ქვეპრობლემებად და ქვემიზნებად დაყოფას. პრინციპები, რომელთაც ადმინიტრირების აღნიშნული პერსპექტივა ეყრდნობოდა, იყო: 1. მოდელირებული სამყაროს მთლიანობა. მოდერნისტულ სოციოლოგიაში ამ მთლიანობის „შეკავება“ მიიღწეოდა „საზოგადოების“ ცნებით, რომელიც ნაწილობრივ გაიგივებული იყო ეროვნულ სახელმწიფოსთან. მსგავს როლს ასრულებდა „კულტურის“ ცნებაც, რომელიც მაინტეგრირებელ ფუნქციამდე დაიყვანებოდა. ეპისტემოლოგიურად მოდელირებული სამყაროს მთლიანობის იდეა ემყარებოდა ჭეშმარიტების არსებობის იდეას და მის ფესვგადგმულობას ყოფაში, რაც მოდერნისტული სოციოლოგიის მიერ ავთენტურობის, იდენტურობისა და ორიგინალობის არსებობის აღიარებაში გამოიხატებოდა. 2. კოჰერენტულობა. სოციუმი და კულტურა გაიგებოდა მთლიანობად, რომელიც გაჟღენთილია მრავალრიცხოვანი ურთიერთკავშირით, ფუნქციითა და მექანიზმით, რომლებიც მოქმედებს როგორც აწყობილი სისტემა. სოციოლოგიის ამგვარი გაგებიდან შეიქმნა ისეთი ცნებები, როგორიცაა, თანხმობა (ჰომეოსტაზი), სოციალური ნორმა, სოციალიზაცია, დევიაცია და ა.შ. 3. დროის კუმულატურობა და მიმართულობა. მოდერნისტული სოციოლოგიის თანახმად, სამყარო არის პროექტი რეალიზაციის პროცესში, რომელიც ითავსებს, დროის ლინეარულობას, რაც სათავეს ქრისტიანული ესქატოლოგიიდან იღებს და რაც უფრო გვიან დეტერმინიზმის კონცეფციაში ფორმდება. ამგვარად, მოდერნისტულ სოციოლოგიაში სოციოლოგია იმთავითვე გაიგებოდა როგორც ცოდნის „თეორია“, ანუ დისციპლინა და სოციალური მოწესრიგების „პრაქტიკა“ ანუ ძალაუფლება-ცოდნის შესრულების საშუალება. „ორმაგი კოდირების“ პრინციპი ის ზოგადი საფუძველია, რომელიც პოსტმოდერნს ანიჭებს სოციეტალურ კონფიგურაციას. ზოგადად კოდი წარმოადგენს ნიშანდების წესების გარკვეულ სტრუქტურას, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. ორმაგი კოდირება კი წარმოადგენს აქ და ახლა ისტორიაზე დამოკიდებულების შემცირებას ან ისტორიის (როგორც წარსულის და როგორც თხრობის) სრულ ელიმინიაციას (მოტაცება, მოშორება). ბოდრიარის მიერ დამუშავებული ჰიპერრეალობის ფარგლებში პოსტმოდერნის მდგომარეობაში გადასვლა ხასიათდება როგორც სიმულაკრების პროცესია-მსვლელობა. სოციალური, რომელიც ინდივიდუალური მოხმარების საგანი გახდა, გაიაზრება როგორც მხოლოდ სოციალურ-სიმულაციური მოდელი, რომელიც სოციოლოგიისა და სოციალურის სიკვდილის მომასწავებელია. კომუნიკაციისა და განსაკუთრებით კი მასობრივი კომუნიკაციის განვითარება აყალიბებს მასას, რომელსაც, ბოდრიარის თანახმად, არ გააჩნია არც ატრიბუტი, არც პრედიკატი, არც თვისება და არც რეფერენცია. მასას შეადგენენ მხოლოდ ისინი, ვინც თავისუფალია საკუთარი სიმბოლური ვალდებულებისაგან, მასის წევრები გვევლინებიან კომუნიკაციის უსასრულო ქსელების „მრავალსახა ტერმინალებად“. მასები არ გვევლინებიან რეფერენტებად, რამდენადაც ისინი არ განეკუთვნებიან რეპრეზენტაციის წესრიგს. მასები არ გამოხატავენ (წარმოგვიდგენენ) საკუთარ თავს, ხდება მხოლოდ მასების ზონდირება. მასები არ რეფლექსირებენ, მათ უბრალოდ ტესტებს ავსებინებენ. ამასთან, ზონდირება, ტესტები, რეფერენდუმები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვევლინებიან მექანიზმებად, რომლებიც მოქმედებენ არა როგორც რეპრეზენტაციები, არამედ როგორც სიმულაციები. ამ სიტაუაციაში მასების, ანუ მდუმარე უმრავლესობის რეპრეზენტაცია წარმოადგენს მორიგ სიმულაციას, ხოლო ამ მასებს რეკლამის, ტექნიკის, პოლიტიკის, მეცნიერების ყოვლისშეძლეობის იმედი აქვთ. მასა არ აღიქვამს საზრისს და აინტერესებს მხოლოდ ნიშანი, კომუნიკაცია მასისათვის წარმოადგენს ნიშანთა უწყვეტ შთანთქმას, რომელიც განპირობებულია სანახაობის წყურვილით. ბოდრიარი რადიკალური პ. ს-ის წარმომადგენელია. უფრო ზომიერი პოზიცია უჭირავს. მ. მაფესოლს. პოსტმოდერნზე გადასვლის მთავარ ნიშნად მაფესოლი „სოციალურის“ „სოციალურობაში“ გადასვლას მიიჩნევს. პირველ მათგანს (ანუ „სოციალურს“) შეესაბამება "საზოგადოება“ (თიონისის ტერმინი Gesellschaft), „პრომეთესეული“ კულტურა და აქ სოციალური კავშირების საფუძვლად "მექანიკური სოლიდარობა“ (დიურკემი) და მექანიკური სოლიდარობისათვის დამახახასიათებელი ინსტრუმენტალობა, პროექტულობა, რაციონალიზმი და ტელეოლოგიზმი გვევლინება. ამის საპირისპიროდ, პოსტმოდერნისტული სოციალური წესრიგი აღიწერება „თემის“ (თიონისის ტერმინი Gemeinschaft), „დიონისური“ კულტურის, ან კიდევ „ორგიასტული“ სოლიდარობის ტერმინებით. პოსტმოდერნისტული სოციალობისათვის დამახასიათებელია აწმყოთი შეპყრობილობა, არალოგიკურობა, იმორალიზმი და კომუნიკაცია. მაფესოლი თიონისეულ გემაინშაფტის ტერმინს ცვლის ნეოტრაიბალიზმის საკუთარი კონცეპტით. ნეოტრაიბალიზმის დადგომის სიმპტომად მაფესოლი მიიჩნევს ყოველივე ბუნებრივისადმი ინტერესისა და სამყაროს მოჯადოებულობის გრძნობის ზრდას. ინდივიდი, მაფესოლის თანახმად, პერსონად, პოლიფუნქციონალური თვისებების ანუ „ნიღბების“ მფლობელად, ხოლო ჯგუფები და ორგანიზაციები - მასად და „ტომად“ (ტრაიბი) ტრანსფორმირდება. ტომი-ტრაიბი არის მცირე ერთობა (თანასაზოგადოება) თავისუფალი წევრობით, ინტერსუბიექტურობით, რომელიც ემყარება აფექტურობას. ის სოციალურობის არამდგრადი, გაფანტული კონსოლიდაციაა. ტომი-ტრაიბის განმასხვავებელ ნიშანს "მისი იმანენტური ტრანსცენდენტურობა“ წარმოადგენს. ეს ისეთი ერთობაა, რომელიც თავისი წევრების ტრანსცენდირებას ახდენს, მაგრამ თვითონ არაფრით არის ტრანსცენდირებული. პოსტმოდერნისტი მოაზროვნეების სოციოლოგიური და ფილოსოფიური კონცეფციები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ მათი განზოგადება ისეთ თეორიაში, რომელსაც მეტ-ნაკლებად თითოეული მათგანი შეესაბამებოდა, საკმარისად რთულია. მიუხედავად ამისა, ბ. სმარტი გამოყოფს სამ პოსტმოდერნისტულ პოზიციას: პირველი, უკიდურესი პოსტმოდერნისტული პოზიციის თანახმად, მოხდა ფუნდამენტური რღვევა და თანამედროვე საზოგადოება პოსტმოდერნისტული საზოგადოებით შეიცვალა. ამ თვალსაზრისს იცავენ ჟ. ბოდრიარი, ჟ. დელიოზი და ფ. გუატარი. მეორე პოზიციის თანახმად, მართალია, თანამედროვე საზოგადოება პოსტმოდერნისტულით შეიცვალა, მაგრამ პოსტმოდერნიზმი მოდერნიზმის წიაღიდან გამოვიდა და მჭიდროდ არის მასთან დაკავშირებული. ამ მიმართულების წარმომადგენლები არიან მარქსტისტი მოაზროვნეები ფ. ჯეიმისონი, ე. ლაკლაუ და შ. მუფე, ასევე პოსტმოდერნისტული ფემინიზმის მიმდევრები ნ. ფრეზერი და ლ. ნიკოლსონი. არსებობს მესამე პოზიციაც, რომელსაც იზიარებს თვით სმარტი, რომლის თანახმადაც, მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი უნდა განვიხილოთ არა როგორც ცალკეული ეპოქები, არამედ როგორც ხანგრძლივი და უწყვეტი პროცესის მონაწილენი, ამასთან პოსტმოდერნიზმი მუდამ მიუთითებს მოდერნიზმის შეზღუდულობაზე.

კატეგორია: 
ავტორები: