ზოგი ავტორი მას გეოპოლიტიკის სინონიმურ ტერმინად იყენებს. ამ გაგებით პ. გ. არის იმ პოლიტიკური და გეოგრაფიული ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის კონკრეტულ პოლიტიკურ სახეს, საარსებო სივრცესა და დამოკიდებულებას სხვა სახელმწიფოებთან. ამ მნიშვნელობით, პ. გ-ის დამფუძნებლად ითვლება რატცელი. მეორე მნიშვნელობით, პ. გ. სახელმწიფოებისა და შიდასახელმწიფოებრივი მოწყობის ერთეულების გეოგრაფიულ აღწერას ემყარება. თუმცა ტერმინმა დაკარგა წმინდა დესკრიფციული აზრი მას შემდეგ, რაც მონტესკიემ არსებულ კლიმატსა და ქვეყნის პოლიტიკურ წყობას შორის მჭიდრო კავშირის მტკიცება დაიწყო. იმავე ორიენტაციის გამგრძელებლად შეგვიძლია ჩავთვალოთ თანამედროვე პ. გ-ის მამამთავარი ზიგფრიდი, რომელიც პარალელს ავლებდა ქვეყნის მოცემული რეგიონის ნიადაგსა და ამომრჩევლის ქცევას შორის.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი