პლაცებო ეფექტი

Placebo Effect

პლაცებო ეფექტი მაშინ ჩნდება, როცა ექსპერიმენტის მონაწილეები ექსპერიმენტული მანიპულაციის ჩარევის გარეშე იცვლიან ქცევას, რაც, ცხადია, მოქმედებს კვლევის შედეგებზე.

ტერმინი მედიცინიდან მოდის, სადაც იმ შემთხვევების აღსანიშნად გამოიყენება, როცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქიმიურად ინერტული წამლის მიღების შემდეგ მაინც უმჯობესდებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ იმ რწმენის გამო ხდება, რომ მკურნალობა ეფექტური იქნება. კვლევებით დადასტურდა, რომ ზოგიერთ არასამედიცინო ეფექტის მქონე მკურნალობა პაციენტთა დაახლოებით 70%-ში პლაცებო ეფექტს იწვევს.

ფსიქოლოგიური კვლევის სიტუაციაში პლაცებო ეფექტი ჩნდება ყოველთვის, როდესაც ქცევით რეაქციაზე ზემოქმედებას ახდენს პიროვნების მოლოდინი,  რა უნდა გააკეთოს, ან რა იგრძნოს და არა — რეალური სტიმული. მაგალითად, თუ ვსწავლობთ, როგორ იცვლება ადამიანის ქცევა აგრესიული ფილმების ყურების შემდეგ და აღმოვაჩინეთ, რომ იმ მონაწილეებმაც მაღალი აგრესია აჩვენეს, რომლებსაც არ უყურებია აგრესიული ფილმებისთვის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ხვდებიან, რომ რადგან აგრესიის საკვლევ სიტუაციაში მოათავსეს, მათგან აგრესიის გამოვლენას ელიან და ამიტომ მეტ აგრესიულობას ავლენენ კიდეც.

ექსპერიმენტატორს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანები ცვლიან ქცევას, როცა იციან, რომ მათ ვიღაც უცხო უყურებს, აკვირდება და/ან ამოწმებს. მაგალითად, მონაწილეები განსაკუთრებულად გრძნობენ თავს, როცა კვლევაში მონაწილეობისთვის შეარჩევენ და ამიტომ განსხვავებულად იქცევიან და არა ისე, როგორც სხვა შემთხვევაში მოიქცეოდნენ.

პლაცებო ეფექტის აღმოსაფხვრელად მკვლევრები პლაცებო კონტროლს იყენებენ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: