ოპერაციული განსაზღვრება

Operational Definition

ცვლადის ან პირობის დეფინიცია კონკრეტული ოპერაციების ან პროცედურების ტერმინებით, რომელიც ცნებების მნიშვნელობის სტანდარტიზაციის სტრატეგიის ანუ ოპერაციონალიზაციის შედეგად მიიღება. ოპერაციული განსაზღვრება შესაძლებლობას გვაძლევს აღვწეროთ და ვამცკიცოთ ისეთი ცნებების ან კონსტრუქტების არსებობა, რომელთაც პირდაპირ ვერ დავაკვირდებით. ზუსტი ოპერაციული განსაზღვრება მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ზედმიწევნით გაიგონ, გაიმეორონ და შეაფასონ ერთმანეთის ნაშრომები.

ოპერაციული განსაზღვრების იდეა აზროვნების ოპერაციული სკოლის ფარგლებში განვითარდა და, თავდაპირველად, ფიზიკოს ბრიდგმენის ნაშრომებში გვხვდება. ბრიდგმენის ძირითადი იდეა ისაა, რომ თითოეული მეცნიერული ცნების მნიშვნელობა დაკვირვებადი უნდა გავხადოთ ისეთი ოპერაციების გამოყენებით, რომლებითაც ცნების გამოყენებისთვის შესაძლებელი იქნება კონკრეტული კრიტერიუმების შემოწმება. მისი აზრით, ცნების მნიშვნელობა მთლიანად და ექსკლუზიურად მისი ოპერაციული განსაზღვრებით განისაზღვრება. ბრიდგმანი წერს: „მანძილის ცნება ჩამოყალიბებულია მაშინ, როდესაც ჩამოყალიბებულია ის ოპერაციები, რომლებითაც ზუსტად უნდა გაიზომოს მანძილი ანუ მანძილის ცნება. ეს არის და, არავითარ შემთხვევაში, არ არის მეტი იმ ოპერაციებზე, რომლებითაც განისაზღვრება მანძილი. ზოგადად, ცნებაში მხოლოდ ოპერაციებს ვგულისხმობთ. ცნება არის ოპერაციების სინონიმი“ (Bridgman, 1980, გვ. 5). ამრიგად, „მანძილის“ ოპერაციული განსაზღვრება აღწერს პროცედურას, რომელიც გულისხმობს სახაზავს გამოყენებას ორი წერტილის ერთმანეთისგან დაშორებულობის გასაზომად.

ხშირად ფსიქოლოგებისთვის პრობლემურია ზოგიერთი რთული ცვლადის ოპერაციონალიზაცია. მათ ისეთი ცვლადების ოპერაციონალიზაცია უხდებათ, რომელთა უშუალოდ დაკვირვება შეუძლებელია, მაგალითად, როგორ მოახდენდით „თვითპატივისცემის“, „ინტელექტის“, „ბავშვის მშობელთან ურთიერთობის ხარისხის“ ან „აგრესიის“ ოპერაციონალიზაციას?

მაგალითად, აგრესია შეიძლება განისაზღვროს, როგორც ქცევა, რომელიც სხვა ინდივიდის ფიზიკურ დაზიანებას იწვევს. ამ შემთხვევაში, სულ მცირე, ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდება, რომელიც შემოგეკამათებათ და იკითხავს, შეიძლება თუ არა აგრესია ეწოდოს ქცევებს, რომლებიც ინდივიდს ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებენ. აქედან გამომდინარე, ან უნდა დააკონკრეტოთ, რომ თქვენი ოპერაციული განსაზღვრება მხოლოდ ფიზიკურ აგრესიას განმარტავს, ან უნდა გადახედოთ თავდაპირველ განსაზღვრებას, შეასწოროთ და არაფიზიკური აგრესიის აქტების გაითვალისწინოთ. საბოლოოდ, აგრესია შეიძლება განსაზღვროთ, როგორც ქცევა, რომელიც ინდივიდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაზიანებას იწვევს.

კიდევ ერთი მაგალითი: როგორ განვსაზღვრავთ „ინტელექტს“? ინტელექტის ოპერაციული განსაზღვრება მოიცავს ტესტირებას, რომელიც გარკვეული გზით უნდა განხორციელდეს გარკვეული ამოცანების/დავალებების გამოყენებით, რის შედეგადაც მიიღება კვლევის მონაწილის ინტელექტის მაჩვენებელი; ეს უკანასკნელი კი მის მიერ გაცემული პასუხების შეჯამების შედეგია.

შეგვიძლია ვთქვათ, ოპერაციული განსაზღვრების სტრუქტურა პირდაპირია. თუ გარკვუელი სტიმული (S) კონსისტენტურად იწვევს გარკვეულ რეაქციას (R) გარკვეულ ობიექტთან მიმართებით, ამ ობიექტს აქვს შესაბამისი თვისება (P). ბოლო მაგალითში ინტელექტის ტესტი (S) მიეწოდებათ კვლევის მონაწილეებს, რომლებიც გარკვეულ მაჩვენებელს (R) იძლევიან და ინტელექტის (P) შესახებ ამ მაჩვენებლის მიხედვით ვასკვნით ანუ განვსაზღვრავთ მისი საშუალებით.

ვინაიდან ინდივიდებით და/ან მოვლენებით მანიპულირება შეუძლებელი, არაპრაქტიკული და/ან არაეთიკურია, მრავალი ცნება, რომელსაც სოციალური მეცნიერები იყენებენ, ოპერაციულად განსაზღვრულია სპეციფიკური სტიმულების, პირობებისადმი ან სიტუაციებისადმი რეაქციების სიძლიერით. იმ შემთვევებში, როდესაც ექსპერიმენტული მანიპულირება ტექნიკურად შესაძლებელია, მაგალითად, ძლიერი შფოთვის გამოწვევა ლაბორატორიულ პირობებში, ეთიკული დილემების წინაშე ვდგებით. ამასთან, დღის წესრიგში მეცნიერთა და კვლევის მონაწილეთა უფლებების საკითხები დგება. ამიტომ ამ დროს აუცილებელი და გარდაუვალია ცნებების ოპერაციონალიზაცია. ასეთ შემთხვევებში, ცნებები ოპერაციულად განისაზღვრება კვლევის მონაწილეთა რეაქციების ისეთ სტიმულებზე, როგორებიცაა ტესტები და კითხვარები. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

ფრანკფორტ-ნაჩნიასი, ჩ., ნაჩმიასი, დ. 2009(). კვლევის მეთოდები სოციოლოგიურ მეცნიერებებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: