ფროიდის ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ცენტრალური ცნებაა ოიდიპოსის კომპლექსი, რომელიც გულისხმობს ბავშვის სექსუალურ ლტოლვას საპირისპირო სქესის მშობლისადმი და, ამასთანავე, მის სურვილს, დაიკავოს თავისივე სქესის მშობლის ადგილი მისი გზიდან ჩამოშორებით. თავისი თეორიის ახალი ცნების დასახელება ფროიდმა სოფოკლეს ტრაგედიის „მეფე ოიდიპოსის“ გავლენით აირჩია. ძველბერძნული ტრაგედიის მიხედვით, ოიდიპოსი კლავს მამას, იკავებს მის ტახტს და შემდგომ დედას ირთავს ცოლად.
ფროიდის კონცეფციის თავდაპირველი ფორმის მიხედვით, ორივე სქესის ბავშვი სექსუალურ მიჯაჭვულობას დედის მიმართ განიცდის და მამის, როგორც მეტოქის, გზიდნ ჩამოშორება სურს. 1913 წელს კარლ გუსტავ იუნგმა, კვლავ ძველბერძნული ტრაგედიის მიხედვით, შემოიტანა ცნება „ელექტრას კომპლექსი“, რომელიც აღნიშნავს გოგონების სექსუალურ ლტოლვას მამის მიმართ და, იოდიპოსის კომპლექსისაგან განსხვავებით, მათ შემთხვევაში დედა წარმოადგენს მოწინააღმდეგის ხატს.
ფროიდის მიერ შემოთავაზებული „ოიდიპოსის კომპლექსი“ მრავალი ფსიქოლოგის ყურადღების საგანი გახდა. მათ შორის იყო ერიხ ფრომიც, რომელიც თვლიდა, რომ ადამიანის ფსიქოლოგიურ ცხოვრებაში ამ მოვლენას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მართებული იქნება, თუ მას გავათავისუფლებთ ვიწრო სექსუალური გაგებისგან და უფრო ფართო ფსიქო-სოციალურ ჩარჩოში განვიხილავთ. „ოდიპოსის კომპლექსის“ ფრომისეული ინტერპრეტაცია გამორიცხავს ბავშვის დედაზე მიჯაჭვულობაში სექსუალური ზრახვების არსებობასა და ბავშვის სურვილს, მუდმივად დედის გვერდით იყოს, დაცულობის განცდით ხსნის. ბავშვისათვის სრული კომფორტის შექმნა მხოლოდ დედას შეუძლია, ამით არის განპირობებული შვილის განსაკუთრებული დამოკიდებულება მისდამი. ხოლო „ოიდიპოსის კომპლექსის“ მეორე ასპექტს, მამასთან მეტოქეობას, ფრომი იმით ხსნის, რომ ბავშვი ებრძვის მამას, რადგან საზოგადოებაში გამყარებული პრინციპის მიხედვით, მისი სურვილები იჩრდილება მამის სურვილებით, მამა წყვეტს მის ბედ-იღბალს. მას მამის დიქტატისაგან გათავისუფლება სჭირდება, რათა ჩამოყალიბდეს ცალკე პიროვნებად.
ოიდიპოსის კომპლექსის ფროიდისეული თეორიის ფემინისტი კრიტიკოსი, ნენსი ჩოდოროუ აღნიშნავს, რომ ქალის შემთხვევაში, კაცისაგან განსხვავებით, ოიდიპოსის კომპლექსი მთლიანად არ ქრება. გოგონა მთლიანად არ უარყოფს დედას, მისდამი მიკუთვნებულობის განცდა ბოლომდე გასდევს მას; გოგონას ურთიერთობა მამასთან სრულად განპირობებულია მისი ურთიერთობით დედასთან.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Фрейд З.(1989) Введение в психоанализ. Лекции. Москва, Наука. с. 192-215.
Фромм Э.(1992) Душа человека. Москва, с. 267-283.
Chodorow N. (1978)The Reproduction of Mothering; Psychoanalysis and the Sociology of Gender, University of California press.