ნარატივი - მისი ფემინისტური გამოყენება

Narrative, Feminist Uses of

ნარატივის (ისტორიების, ტექსტების, გამოსახულების, მუსიკის, მოვლენების სახით) გაგება რეპრეზენტაციის შესაძლებლობებს უკავშირდება. ნარატივი ზემოქმედებას ახდენს, ის გარკვეულ აქტს ახორციელებს. ქალ მწერალთა და ხელოვანთა მიერ დამკვიდრებული ახალი ნარატივები უნდა აღვიქვათ არა მხოლოდ როგორც რეპრეზენტაციის ალტერნატიული ფორმები, არამედ მათი ინტერვენციისა და ზემოქმედების პოტენციალის თვალსაზრისით.

ნარატივის ფემინისტურ გამოყენებებს შორისაა ნარატივების კონცენტრირება იდენტობის შექმნაზე, კოლექტიური ისტორიის აგებაზე, კულტურის კრიტიკასა და ალტერნატიული ეპისტემოლოგიების შემოთავაზებაზე. იდენტიფიკაცია სწორედ ნარატივის მეშვეობით ხდება: იმ კულტურული ნარატივის გათავისებით, რომელიც ადამიანის სუბიექტურობასა და სურვილების სტრუქტურას აყალიბებს. რამდენადაც კულტურის გავლენა და ავტორიტეტი ტრადიციულად კაცთან ასოცირდება, ქალები მარტივად ვერ მოითხოვენ სრულყოფილ კულტურულ და ნარატიულ სუბიექტურობას ავტორიტეტთან იდენტიფიკაციის მეშვეობით. იდენტიფიკაციის კლასიკური ფსიქოანალიტიკური ნარატივისგან განსხვავებით, ქალების ნარატივი იდენტობის ჰიბრიდულობაზეა კონცენტრირებული, რაც გულისხმობს იმას, რომ გენდერის კონსტრუირება ყოველთვის შერწყმულია ეთნიკურობასთან, კლასთან, სექსუალობასთან, ასაკთან. პოსტმოდერნულ, პოსტკოლონიურ ეპოქაში ისტორიის გავლენიანი, დომინანტური ნარატივები ჩაანაცვლა ნარატივების ფორმების მრავალფეროვნებამ, რომლებიც მრავალფეროვან პერსპექტივებს გვთავაზობენ.

როგორც ინდივიდებს, ისე საზოგადოებებს სჭირდებათ წარსული, როგორც ნარატივი, რათა მასთან იდენტიფიცირება შეძლონ. ქალ მწერალთა და ხელოვანთა ნარატივები კოლექტიურ ისტორიულ წარსულს ახლებურად წარმოადგენენ, ისე, რომ მათში ქალები ისევე წარმოგვიდგებიან აგენტებად, როგორც კაცები. რადგანაც ქალთა ისტორიები (მაგალითად, მუშათა კლასის მშრომელ ქალთა ან აფრიკული დიასპორის ქალთა ისტორიები) თითქმის არ შემონახულა, ახალი ისტორიების კონსტრუირება ემყარება ინტენსიურ შეზავებას, დეკონსტრუქციას, სახეების, ნარატივებისა თუ დუმილის ახლებურად წარმოდგენა. შესაბამისად, ნარატივის ფემინისტური გამოყენებები კულტურის კატეგორიებს ეჭვქვეშ აყენებს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Encyclopedia of feminist theories. Edited by Lorraine Code. 2000.

კატეგორია: 
ავტორები: