მორალი ისტორიული წარმონაქმნია. იგი წარმოიშვა საზოგადოების ფორმირების ადრეულ ეტაპზე, ვითარდება იდეოლოგიური, ეკონომიკური და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა ცვლილების შედეგად; გარდა ზოგადი, უნივერსალური ელემენტებისა, მორალს ისტორიულად წარმავალი ნორმები, პრინციპები, იდეალები აქვს. ზოგად ასპექტებში ყველა მორალური სისტემა მსგავსია, მაგრამ ცალკეულ სისტემაში ყოველი ნორმის, შეფასებისა და სხვ. გამოვლინება ივსება კონკრეტული შინაარსით, რომელიც გამოხატავს მის ორიენტაციას სწორად მოცემული კონკრეტული საზოგადოების ინტერესთა მხარდაჭერაზე. ადამიანთა სახეცვლილი ერთობები ქმნიან თავიანთ მორალურ სისტემებს, ჩვეულებრივ, ეს პროცესი იწყება ადრინდელი მორალური სისტემების მკვეთრი უარყოფით, მაგრამ ახალი ჩნდება მხოლოდ ისტორიული წარსულის ბაზაზე, ხდება მისი შინაარსის სახეცვლილება, რომელსაც თან სდევს უკვე არსებული მორალური ფორმების გამოყენება.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი