(ბერძნული სიტყვიდან neh-Monic — „მოიგონე“) სტრატეგიები ან საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ ფაქტების გრძელი მწკრივის აღბეჭდვას ნაცნობ და ადრე აღბეჭდილ ინფორმაციასთან დაკავშირების გზით.
მნემონიკური ხერხები, ზოგადად, ორგვარია: მაკრომნემონიკური და მიკრომნემონიკური ხერხები. მაკრომნემონიკური ხერხების გაგება და გამოყენება უფრო ადვილია, მაგრამ, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ისტორიულ ჩანაწერთა უმრავლესობაში მიკრომნემონიკურ ხერხებზეა საუბარი, ალბათ, იმის გამო, რომ, ფაქტობრივად, ყველაფრის დამახსოვრების საშუალებას იძლევა, თუ წარმატებით გამოვიყენებთ.
მაკრომნემონიკური ხერხები
მაკრომნემონიკური ხერხები ზოგადი პროცედურებია, რომელთა გამოყენებაც მასალის უფრო ეფექტურად და ეფექტიანად დასწავლის საშუალებას გვაძლევს. ეს პროცედურები არა მარტო იმას მიგვითითებენ, როგორ, სად და როდის უნდა დავისწავლოთ გარკვეული სახის მასალა, არამედ მსწავლელის ფიზიკურ, ემოციურ და მენტალური მდგომარეობის მნიშვნელოვნებაზეც მიგვითითებს. მაკრომნემონიკური ხერხის მაგალითია ე. წ. SQ3R (survey, question, read, recite, review) ტექნიკა ანუ „გადაათვალიერე, კითხვები დასვი, წაიკითხე, გაიმეორე და გადაიმეორე.“ უფრო კონკრეტულად ეს ტექნიკა ასე გამოიყურება: თავდაპირველად, გადაათვალიერეთ წასაკითხი მასალა (სტატია, წიგნის პარაგრაფი ან თავი) და დააფიქსირეთ ძირითადი იდეები. შემდეგ თითოეული მათგანის შესახებ მოიფიქრეთ კითხვები. წაიკითხეთ პირველი იდეა მანამ, ვიდრე ბოლომდე არ უპასუხებთ თქვენსავე კითხვას. შემდეგ გაიმეორეთ კითხვაზე პასუხი წიგნში ჩახედვის გარეშე. ასევე, ჩაიწერეთ ამ იდეასთან დაკავშირებული ზოგიერთი ინფორმაცია. ჩართეთ მაგალითი. გაიმეორეთ ეს თითოეულ იდეასთან მიმართებით. ბოლოს, გადაიმეორეთ ძირითადი იდეები, უპასუხეთ თქვენს კითხვებს და დაამატეთ დეტალები. გადამეორების დროს, თუ საჭიროდ ჩათვალეთ, ჩახედეთ თქვენს ჩანაწერებს.
მიკრომნემონიკური ხერხები
მიკრომნემონიკური ხერხების ძირითადი იდეა ისაა, რომ დასასწავლი მასალა ჩვენთვის უკვე ნაცნობ მსგავს მასალას დავუკავშიროთ. ეს ხელს უწყობს ფაქტების, ობიექტების ან მოვლენების გრძელი მწკრივის აღბეჭდვას უკვე დახსომებულ ინფორმაციასთან ასოცირების გზით. ბევრი მიკრომნემონიკური ხერხი მზა მიმნიშნებლებს იძლევა (რომლებიც მანამდე უნდა დავისწავლოთ), რომელსაც წესრიგში მოჰყავს მოუწესრიგებელი და ქაოტური ინფორმაცია.
განვიხილოთ ლოკუსის მეთოდი, რომელიც პირველად ბერძენმა ორატორმა გამოიყენა. ეს მეთოდი გულისხმობს სიტყვის თუ მოვლენის ადგილის მიხედვით დახსომებას და აღდგენას, ხოლო ორატორისთვის ეს ხანგრძლივი მოხსენების ცალკეული ნაწილების ნაცნობ ადგილებთან დაკავშირებას ნიშნავს. იმისათვის, რომ დაიმახსოვროთ, რა გაქვთ საყიდელი სუპერმარკეტში, გონებაში საყიდელი ნივთები სათითაოდ უნდა განალაგოთ იმ გზაზე, რომლითაც სამსახურში მიდიხართ. შემდეგ, მოგონებისას „ჩამოუვლით“ მათ და გაიხსენებთ (იხ. სურათი).
მიმნიშნებელი სიტყვის მეთოდი ჰგავს ლოკუსის მეთოდს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ მწკრივის წევრებს მიმნიშნებლებს უკავშირებთ და არა ადგილებს. ამ მეთოდისთვის ტიპური მიმნიშნებლები გარითმული სტროფებია, სადაც სიტყვები ციფრებს ერითმება. მაგალითად: ერთი-სკვერი; ორი-ლორი, სამი-სკამი და ა, შ. შემთხვევითი ინფორმაციის დახსომების გასაღები ინფორმაციის ისეთი სახით დალაგებაა, რომ მიმნიშნებლებმა გაგიადვილონ აღდგენა.
ლოკუსის და მიმანიშნებელი სიტყვის მეთოდს ორგანიზაციურ მიკრომნემონიკურ ხერხებს უწოდებენ, რადგან ისინი ორგანიზებულ მენტალურ მანიშნებლებს გვთავაზობენ, რომლებსაც უკავშირდება ახალი ინფორმაცია. ასევე, ამ ორ მეთოდს მრავალჯერადი გამოყენების მნემონიკურ ხერხებსაც უწოდებენ, რადგან საგნების თუ მოვლენების რა ჩამონათვალიც არ უნდა დავუკავშიროთ მათ, ახალი სიის დახსომებისას ძველი ჩანაცვლდება ახლით და, როგორც ჩანს, ეს ჩანაცვლება ავტომატურად ხდება. ცხადია, სიტყვების ძველი სია შეიძლება, დაგვავიწყდეს და აღარ ებმოდეს მანიშნებელ ადგილებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. III.