მერი უოლსტონკარფტი (1759-1797) იყო ინგლისელი მწერალი, ესეისტი და ფილოსოფოსი, ერთ-ერთი პირველი ევროპელი მოაზროვნე, რომელმაც თავისი შემოქმედებით საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოაქცია ქალთა უფლებებისა და სქესთა თანასწორობის პრობლემები. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი, „ქალის უფლებების დაცვა“ (1792), ფემინისტური აზრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კლასიკური ტექსტია. ამ ტექსტში უოლსტონკრაფტი აკრიტიკებს მის დროს გაბატონებულ შეხედულებებს ქალებისა და მამაკაცების არსობრივად სხვადასხვა ბუნებისა და, შესაბამისად, მათი სხვადასხვაგვარი აღზრდის საჭიროების შესახებ; აკრიტიკებს ადათებს, სოციალურ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს, რომლებიც ქალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ უუფლებობას განაპირობებს; და მოითხოვს ქალების, როგორც ადამიანებისა და რაციონალური არსებების, მამკაცების თანასწორად აღიარებას.
უოლსტონკრაფტის სხვა შრომებია: პედაგოგიური ტრაქტატი „ფიქრები ქალიშვილების განათლებაზე“ (1787), რომანი „მერი: გამოგონილი ამბავი“ (1788), დიდაქტიკური წიგნი ბავშვებისთვის „ნამდვილი ამბები რეალური ცხოვრებიდან“ (1788), პოლიტიკური პამფლეტი „ადამიანთა უფლებების დაცვა“ (1790), ისტორიული ნარკვევი „საფრანგეთის რევოლუციის წარმოშობა და განვითარება ისტორიული და ზნეობრივი თვალსაზრისიდან და მისი ზეგავლენა ევროპაზე“ (1794) და ეპისტოლარული ჟანრის „შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში ხანმოკლე ცხოვრების დროს დაწერილი წერილები“ (1796).
უოლსტონკრაფტის შვილი იყო მერი უოლსტონკრაფტ-გოდვინი (1797-1851), ცნობილი გოთიკური რომანის, „ფრანკენშტაინი, ანუ თანამედროვე პრომეთეს“ (1816), ავტორი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
ცხადაძე, თ., „მერი უოლსტონკრაფტი და მისი „ქალის უფლებების დაცვა“, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, წიგნი I, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2014, გვ. 267-276.