ბგერის სიძლიერე

Loudness

ბგერის პერცეპტული თვისება, რომელიც გამოხატავს ბგერითი ტალღის ამპლიტურად. დიდი ამპლიტურის ბგერითი ტალღა საერთოდ განიცდება, როგორც ხმამაღალი, ხოლო მცირე ამპლიტუდის ბგერითი ტალღა — როგორც ხმადაბალი.

ბგერის სიძლიერე ანუ ფიზიკური ინტენსივობა მისი ამპლიტუდით განისაზღვრება (იხ. სურათი 1). დიდი ამპლიტუდის ბგერითი ტალღები განიცდება, როგორც ხმამაღალი, მცირე ამპლიტუდისა კი — როგორც ხმადაბალი. ადამიანის სმენითი სისტემა მგრძნობიარეა ფიზიკური ინტენსივობების უზარმაზარი დიაპაზონის მიმართ. მაჯის საათის წიკწიკის ხმა, რომელიც დაახლოებით 6 მეტრის მანძილიდან გვესმის, ინტენსივობის ქვედა ზღვარზე მდებარეობს. ეს არის სისტემის აბსოლუტური ზღურბლი. თუკი ის უფრო მგრძნობიარეა, შეიძლება გაიგონოთ სისხლის მოძრაობის ხმაც თქვენს ყურებში. ინტენსივობის ზედა ზღვარზე მდებარედ კი შეიძლება განვიხილოთ რეაქტიული თვითმფრინავის ხმა, რომელიც დაახლოებით 90 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავს. ეს ხმა იმდენად ძლიერი იქნება, რომ ტკივილსაც კი გამოიწვევს ყურებში. ბგერის წნევის ფიზიკური ერთეულების ტერმინებით, რეაქტიული თვითმფრინავი წარმოქმნის ბგერით ტალღას, რომელიც მილიარდჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე საათის წიკწიკი.

რადგან სმენითი დიაპაზონი ძალიან დიდია, ბგერის ფიზიკური ინტენსივობის დიაპაზონი, ჩვეულებრივ, უფრო შეფარდებითი, ვიდრე აბსოლუტური ოდენობის ერთეულებით გამოიხატება. ბგერის წნევა — მისი ამპლიტუდის დონის მაჩვენებელი, რაც იწვევს ხმამაღლობის განცდას — იზომება ერთეულით, რომელსაც დეციბალი (დბ) ეწოდება. სურათზე ნაჩვენებია ზოგიერთი ტიპური ბუნებრივი ბგერის ინტენსივობის სიდიდე დეციბალებით და ბგერის წნევის შესატყვისი ერთეულებით (დინი/სმ2) შედარებისათვის. როგორც ხედავთ, ორ ბგერას, რომელიც 20 დეციბალით განსხვავდება ერთმანეთისაგან, აქვთ ბგერის წნევის შეფარდება 10/1 პროპორციით. აღსანიშნავია, რომ 90 დეციბალზე ხმამაღალმა ბგერებმა შეიძლება სმენის დაკარგვა გამოიწვიოს. ეს მათი ექსპოზიციის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: