ლესბოსური ლიტერატურის ყველაზე სიღრმისეული კვლევა ჯენეტ ფოსტერს ეკუთვნის. 1956 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „სექსუალურად განსხვავებული ქალები ლიტერატურაში“ (Sex Variant Women in Literature) ის წერს ქალებზე, რომლებიც აქტუალურად ან მხოლოდ ფანტაზიებში ლესბოსურ, ბისექსუალურ, ტრანსექსუალურ ქცევას ახორციელებენ. ფოსტერის წიგნი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მოღვაწე ბერძენი პოეტი ქალის, საფოს შემოქმედების განხილვით იწყება, რომელიც თავის პოემებში ქალებს შორის ლესბოსურ სიყვარულს აღწერდა და ნელ-ნელა მოუყვება ამ თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ძეგლებს მე-20 საუკუნემდე.
ლიტერატურაში ლესბოსელი პერსონაჟები ბისექსუალური ან ტრანსგენდერული ქცევით არიან წარმოდგენილი. ზოგიერთი მათგანი უმანკოა, ზოგიერთი კი მონსტრად გვევლინება. მე-20 საუკუნიდან ლიტერატურაში ლესბოსელ გმირებს უფრო ხშირად ვხვდებით; განსაკუთრებით თვალსაჩინო ადრეული მაგალითებია ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ (Orlando: A Biography, 1928) და რედკლიფ ჰოლის „მარტოობის ჭა“ (The well of Loneliness, 1928). ამ პერიოდის ნაწარმოებებში ლესბოსელი ქალები წარმოდგენილი არიან, როგორც სტერეოტიპულად მამაკაცური მახასიათებლების მქონენი, ძლიერები და დამოუკიდებლები. ლიტერატურაში მსგავსი პერსონაჟების გამოჩენამ იმ დროს პარიზში მოღვაწე ცნობილი ამერიკელი ქალების, გერტრუდა სტაინის, ნატალი ბარნის, რენე ვივიენისა და სხვათა ცხოვრების წესსა და სტილზეც იქონია გავლენა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკაში გამკაცრებული ცენზურის წყალობით მხატვრული ლიტერატურიდან ლესბოსური ისტორიები ქრება 60-70-იანი წლების სექსუალურ რევოლუციამდე.
მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების დასაწყისში ამერიკელმა მწერალმა ენ შოკლიმ (Ann Schokley) თავის გახმაურებულ ნაწარმოებში „გიყვარდეს ის“ (Loving Her) პირველი შავკანიანი ლესბოსელი პერსონაჟი შექმნა. ამ პერიოდიდან ლესბოსელი პერსონაჟები მხატვრულ, სამეცნიერო, ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურაში რეგულარულად ჩნდება. მე-20 საუკუნის მიწურულს ლესბოსურ თემაზე შექმნილი წიგნების ეკრანიზაციის ტენდენცია დაიწყო: ფილმებად გადაიღეს ელის უოლკერის „იისფერი“ (The Colour Purple), ჯენეტ ვინტერსონის „ფორთოხალი ერთადერთი ხილი არ არის“ (Oranges Are Not the Only Fruit) და ჯეინ რულზის „გულის უდაბნო“ (Desert of the Heart). თუმცა ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წიგნად ლესლი ფაინბერგის წიგნი „Stone Butch Blues“ რჩება, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ტრანსგენდერული მოძრაობის გაძლიერებაში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Abbot, S. and Love, B. (1972) Sappho Was a Right-On Woman, New York, Stein and Day
Bannon, A. (1986) I Am a Woman, Tallahassee: Naiad Press.
Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge, pp. 258-259
Feinberg, L. (1993) Stone Butch Blues, New York, Firebrand Books.
Foster, J. (1956) Sex Variant Women in Literature, Tallahassee, Naiad Press.
Jay, K. and Glasgow, J. (eds) (1990) Lesbian Texts and Contexts, New York, New York University Press.