ექსპრესიული მეტყველება

Language Production

ის, რასაც ადამიანები ამბობენ, ანიშნებენ ან წერენ; ნათქვამი, მინიშნებული ან დაწერილი შინაარსებოს გადმოცემის პროცესი.

ექსპრესიული მეტყველების კვლევისას აქცენტი კეთდება როგორც მეტყველების პროდუქციაზე (რას ირჩევენ ადამიანები მოცემულ მომენტში სათქმელად), ისე — იმ პროცესებზე, რომლებიც შეტყობინებებს და გამონათქვამებს უდევს საფუძვლად. მეტყველება არ გულისხმობს მხოლოდ ზეპირ მეტყველებას. მეტყველებაა წერა და ჟესტებით საუბარიც. მეტყველებაზე საუბრისას იყენებენ ისეთ ადვილად გასაგებ ტერმინებს, როგორებიცაა მოსაუბრე ანუ ის, ვინც მეტყველებს, ლაპარაკობს (აქ იგულისხმება ჟესტებით საუბარიც) ან წერს და მსმენელი ანუ ის, ვინც ისმენს (იგებს).

ნებისმიერ შემთხვევაში საუბრისას აუცილებლად ხდება მსმენელის გათვალისწინება ანუ სათქმელი შინაარსი კონკრეტული აუდიტორიის მიხედვით ფორმირდება. მსმენელის გათვალისწინება ხდება „საერთო ცოდნაზე“ დაყრდნობით, რომელსაც, თავის მხრივ, სამი წყარო აქვს.

  • ჯგუფის წევრობა –  სხვადასხვა სიდიდის ჯგუფის წევრები შემოკლებულ მსჯელობებს იყენებენ, როცა აზრი ეყრდნობა ჯგუფის წევრების საერთო გამოცდილებას და გასაგებია მისი წევრებისთვის;
  • ლინგვისტური თანაარსებობა – საუბრისას ადამიანები უკვე განხილულ ინფორმაციას (წინა საუბრების დროს) მიიჩნევენ „საერთო ცოდნის“ ნაწილად;
  • ფიზიკური თანაარსებობა – როცა მოსაუბრე და მსმენელი ფიზიკურად ერთ სიტუაციაში იმყოფებიან და შეხება აქვთ ერთსა და იმავე ობიექტებთან. ეს გულისხმობს როგორც საუბრის გარემოს (სივრცეს, რომელშიც საუბარი მიმდინარეობს), ისე — მათ გარშემომყოფ ადამიანებს.

მეტყველება და შეცდომები

მეტყველების თეორიული მოდელების აგებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეტყველების შეცდომებს. ამიტომ მკვლევრები არ შემოიფარგლებიან აღნიშნული შეცდომების მხოლოდ ბუნებრივ პირობებში დაკვირვებით და მათი აღნუსხვით (იხ, ცხრილი). მათ შეისწავლეს ექსპერიმენტულ პირობებში მეტყველების შეცდომების ხელოვნურად გამოწვევის სხვადასხვა ხერხი და ამ ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელი გახდა მოქნილი ექსპრესიული მეტყველების საფუძვლადმდებარე როგორც პროცესების, ისე რეპრეზენტაციების მეტ-ნაკლები გაგება.

ცხრილი: შეცდომები გამონათქვამის დაგეგმვაში

დაგეგმვის დონეები:

  • მოსაუბრემ უნდა აირჩიოს სიტყვები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავენ მის აზრს.

თუ მოსაუბრეს ენაზე ორი სიტყვა ადგას, მაგალითად, „მოვიფიქრე“ და „მოვიგონე“, შეიძლება თქვას „მოვიფონე“.

  • მოსაუბრემ არჩეული სიტყვები სწორად უნდა დაალაგოს და გააერთიანოს წინადადებაში.

რადგან ადამიანი გეგმავს გამონათქვამს, როგორც მთლიან ერთეულს, შესაძლოა, მოხდეს სიტყვების გადანაცვლება.

ცხვირიდან სისხლი წამსკდა → სისხლიდან ცხვირი წამსკდა.

ლამაზი გოგოს კაბა → გოგოს ლამაზი კაბა.

  • მოსაუბრემ ბგერები უნდა გააერთიანოს სიტყვებში, რომელთა თქმასაც აპირებს.

რადგან ადამიანები გამონათქვამს წინასწარ გეგმავენ, შეიძლება, მოხდეს ბგერათა გადანაცვლება. ცალი ხელი → ხალი ცელი.

  • პროცესები. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეებს სთხოვენ, წაიკითხონ დაწყვილებულ სიტყვათა სია, რომლებსაც მსგავსი ფონემატური სტრუქტურა აქვთ: ბუზი-ფული, ბაღი-ფარი, ბოლი-ფონი, ბედი-ფეხი. შემდეგ კი სთხოვენ, ხმამაღლა თქვან „ფერი-ბერი“. რიგ შემთხვევებში ზოგიერთი მონაწილე მანამდე წაკითხული სიტყვების გავლენით ამბობს „ბერი-ფერი“. ამ ტექნიკების გამოყენებით მკვლევრებს საშუალება ეძლევათ, შეისწავლონ მოსაუბრის მიერ შეცდომების დაშვების ალბათობაზე მოქმედი ფაქტორები. მაგალითად, სპუნერიზმის (ორი ან მეტი სიტყვის პირველი მარცვლების გადანაცვლება) მსგავსი შეცდომების ალბათობა იზრდება, როდესაც ბგერების გადაადგილება რეალურ სიტყვებს გვაძლევს. ამგვარად, „ფერი-ბერიის“  ნაცვლად „ბერი-ფერიის“ თქმის ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე, მაგალითად, „ცოლი-ქმარიოს“ მაგივრად , „ქმოლი-ცარისა“. მსგავსი შედეგები სავარაუდოს ხდის, რომ მეტყველებაში ჩართული ზოგიერთი კოგნიტური პროცესი უზრუნველყოფს კოგნიტური შეცდომის გამოვლენასა და გასწორებას. ეს პროცესები არ გვაძლევენ ისეთი შეცდომების დაშვების უფლებას, რომლებიც კონკრეტული ენისათვის მიუღებელი და არარეალური სიტყვების გამოთქმას გულისხმობს.
  • რეპრეზენტაციები. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს მონაწილეებს სთხოვდნენ წყვილ-წყვილად წაეკითხათ იდიომატური გამოთქმები, მაგალითად, „shoot the breeze – raise the roof“ (ბევრი ლაპარაკი – აურზაურის ატეხვა); ორი წამის შემდეგ კი სთხოვდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გაეხსენებინათ ერთ-ერთი. დროში შეზღუდვის პირობებში მონაწილეები ზოგიერთ შემთხვევაში ურევდნენ ორი ფრაზის სიტყვებს და იძახდნენ shoot the roof. შეცდომის დაშვების ალბათობა ამ შემთხვევაში უფრო დიდია, ვიდრე ზემოთ აღწერილ შემთხვევაში, რადგან ბოლო ორ გამონათქვამს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს. ეს შედეგები მიუთითებს, რომ ერთნაირი მნიშვნელობის მქონე იდიომებით რეპრეზენტაციები ერთმანეთთან არის მეხსიერებაში დაკავშირებული: როდესაც ადამიანი აპირებს თქვას ერთი იდიომა, მსგავსი მნიშვნელობის მქონე იდიომის რეპრეზენტაციულმა კავშირმა შეიძლება განაპირობოს კომბინირებული შეცდომის აღმოცენება.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ. 

კატეგორია: 
ავტორები: