ენა, გენდერი და ძალაუფლება

Language Gender and Power

ფემინისტი ლინგვისტებისთვის ენა სამყაროს ასახვის ნეიტრალური საშუალება არ არის; ის იმ სოციალურ-პოლიტიკური სისტემების ნაწილია, რომელთა გარემოშიც ფუნქციონირებს. შესაბამისად, სხვა სოციალური ინსტიტუტებისა და პრაქტიკების მსგავსად, ენობრივი სისტემები დომინანტური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავს. ფემინისტური თეორიისთვის ენა მნიშვნელოვანი საკვლევი ობიექტია, როგორც გენდერული ურთიერთობებისა და იდეოლოგიის ანარეკლი და გენდერის სოციალური კონსტრუირების შესწავლის საშუალება.

ენის ადრეული ფემინისტური ანალიზი კაცებისა და ქალების „ენებს“ შორის განსხვავებაზე ფოკუსირდებოდა. 1970-იანი წლების ფემინისტთა ნაწილი ემპირიულად შეისწავლიდა, თუ როგორ ამჟღავნებდა ენა კაცთა დომინანტურობას (მაგალითად, კაცები ხშირად აწყვეტინებენ ქალს ლაპარაკს, ქალები გამოხატვის ისეთ ფორმებს ირჩევენ, რომლებიც ნაკლებად დომინანტური და ავტორიტეტულია, ხმას იდაბლებენ და ა.შ.). გარდა ამისა, ფემინისტთა ნაწილი სწავლობდა ქალებისა და კაცების მიერ ენის განსხვავებულად ათვისების პროცესს ბავშვობაში. მოგვიანებით ეს მიდგომები გააკრიტიკეს ქალებისა და კაცების ჰომოგენურ ჯგუფებად და ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებად  წარმოჩენისთვის. ქალებისა და კაცების „ენის“ ზედმეტად განზოგადებული ანალიზის საპირისპიროდ, პენელოპე ეკერტმა და სალი მაკკონელ გინეტმა (1992) ხაზი გაუსვეს ყოველდღიურ, სპეციფიკურ სოციალურ კონტექსტებსა და სპეციფიკურ სოციალურ ჯგუფებში ენისა და გენდერის მიმართების ანალიზის საჭიროებას, რადგან სხვადასხვა ლინგვისტურ პრაქტიკას (მაგალითად, გაჩუმებას ან შეწყვეტინებას) სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს განსხვავებულ სიტუაციურ, ინსტიტუციურ თუ კულტურულ კონტექსტში.

უფრო გვიანდელი ფემინისტური ლინგვისტიკა გენდერის მყარ განმარტებას სცილდება და კონსტრუქტივისტულ მოდელს ეყრდნობა. გენდერის თანამედროვე გაგება მის პერფორმატიულობას უსვამს ხაზს და გენდერის ენის საშუალებით კონსტრუირების პროცესით ინტერესდება. ამ მიდგომით, ენა გენდერის შექმნისა და „შესრულების“ მნიშვნელოვანი საშუალებაა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომა ერთი შეხედვით გენდერის კონსტრუირების პროცესში ლინგვისტური პროცესების მართვისა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას იძლევა, ფემინისტი ავტორები ხაზს უსვამენ ენობრივი სისტემების იერარქიულობასა და დომინანტური ჯგუფების (ძირითადად კაცების) ლინგვისტური პრაქტიკის დომინაციასაც.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routledge, 2000.

კატეგორია: 
ავტორები: