შრომა

Labour

ადამიანის გაცნობიერებული, გამიზნული ფიზიკური ან გონებრივი საქმიანობა, რომლის შედეგადაც მატერიალური ან არამატერიალური პროდუქტი იქმნება და რომელიც ადამიანის სულიერი და ფიზიკური არსებობის შენარჩუნებას ემსახურება. ეკონომიკაში შ. კაპიტალთან და მიწასთან ერთად წარმოების ფაქტორს წარმოადგენს. მარქსიზმში ხაზგასმულია შ-ის ორმაგი ხასიათი: აბსტრაქტული და კონკრეტული. აბსტრაქტული შ-ის შედეგად იქმნება გაცვლითი ღირებულება და ახალი ღირებულება, მაშინ როცა კონკრეტული შ. მხოლოდ სახმარ ღირებულებას წარმოშობს. ანაზღაურებადი სამუშაო, მარქსის აზრით - შ., რომელიც აუცილებელია წარმოების უზრუნველსაყოფად - ანაზღაურების გარეშე შეუძლებელია. ზოგადად, ანაზღაურებადი ეწოდება იმ შ-ს, რომელშიც შესაძლებელია საფასურის მიღება. მარტივია ისეთი შ., რომლის შესრულება შესაძლებელია სპეციფიკური ცოდნისა და კვალიფიკაციის გარეშე. ეს ტერმინი ასევე მარქსიზმიდან მომდინარეობს. რთული შ. მარტივის საპირისპიროა. რთული შ-ით იქმნება მაღალი ღირებულების მქონე საქონელი. გაუცხოებული შ., მარქსის თანახმად, არის მომუშავის დამოკიდებულების ხასიათი მის მიერვე შექმნილ პროდუქტთან, რომელიც მას არ ეკუთვნის. მონოტონური შ.: მექანიზებულ და შ-ის პროცესებად დანაწევრებულ წარმოებაში სამუშაო ადგილის მქონეებს მოეთხოვებათ განმეორებადი, სპეციფიკური მოქმედება. ეს მოქმედება ხორციელდება დიდი გონებრივი და ფიზიკური ძალისხმევის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მონოტონურობას. გონებრივი შ.: საქმიანობა, სადაც შ-ის პროდუქტი ფიზიკური მოქმედების გარეშე ანუ „თავით მუშაობით“ იქმნება.

კატეგორია: 
ავტორები: